რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Fox News: უკრაინა აშშ-სგან მოკავშირეების გავლით სადაზვერვო ინფორმაციას მაინც იღებს

RBC Ukraine

Fox News-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა, უკრაინა აშშ-სგან მოკავშირეების გავლით ამ ინფორმაციას მაინც იღებს. მათ შორის, აშშ აგრძელებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას ისეთ მოკავშირეებთან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა 5 მარტს Fox Business-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-მ, სამხედრო დახმარებასთან ერთად, უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეკამათება მოხდა

დღეს, 5 მარტს, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა, რამაც შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის არმიის უნარი, მიზანში ამოიღოს რუსული ძალები.

Financial Times-თან ორმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა, თუმცა ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ განაგრძობს რუსეთსა და უკრაინაზე სადაზვერვო ინფორმაციის უახლოეს მოკავშირეებთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან, გაზიარებას.

3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

თუმცა, გუშინ გამოცემა RBC Ukraine სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუჩერებია.  

კომენტარები