ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა სირიის ახალი, გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. კოსტას თქმით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სირიის დემოკრატიულ, მშვიდობიან და ინკლუზიურ პოლიტიკურ გარდაქმნას.
"ევროკავშირი სრულად ჩართულია სირიის დემოკრატიული, მშვიდობიანი და ინკლუზიური გარდაქმნის მხარდაჭერაში. მქონდა პირველი კარგი საუბარი სირიის გარდამავალი პერიოდის პერიოდის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან.
ნაყოფიერი იყო, პირველი წყაროსგან მომესმინა ის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გამოწვევები, რომლებიც სირიის წინაშეა.
ხაზი გავუსვი, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი [სირიის] ტერიტორიულ მთლიანობას". - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე.
კოსტამ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სირიას "ისტორიული შესაძლებლობა აქვს, გააერთიანოს და თავიდან ააშენოს ქვეყანა" ინკლუზიური პოლიტიკური პროცესით, რომელსაც თავად სირია უძღვება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განცხადა, რომ ის მოუთმენლად ელის ბრიუსელში 17 მარტს დაგეგმილ ყოველწლიურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას სირიის ახალი ხელისუფლებაც მიიღებს.
ცნობისთვის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და ქვეყნის სათავეში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, 24 თებერვალს ევროკავშირმა სირიას ეკონომიკური სანქციების ნაწილი მოუხსნა.
"ჩვენ გავაგრძელებთ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას. ეს მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებს". - თქვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე.
როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, სანქციების შემსუბუქება მიზნად ისახავს "სირიის პოლიტიკური გარდაქმნისა და მისი ეკონომიკის მყისიერი აღდგენის, რეკონსტრუქციისა და სტაბილიზაციის" ხელშეწყობას.
სირიისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 27 იანვარს შეთანხმდნენ. იმ დროს კალასმა განაცხადა, რომ მინისტრების გადაწყვეტილების მიზანი იმ შეზღუდვების მოხსნა იყო, რომლებიც "ქვეყნის ადრეულ აღმშენებლობას ყველაზე მეტად აფერხებენ".
ევროკავშირმა სირიის ოფიციალურ პირებისა და ორგანიზაციებისთვის აქტივების გაყინვა და სამოგზაურო აკრძალვების დაწესება 2011 წელს დაიწყო. ეს ბლოკის საპასუხო რეაქცია იყო ასადის რეჟიმის მიერ მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე, რომელიც შემდგომში სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ასადის რეჟიმის დამხობას დადებითად შეხვდა, ბლოკი კვლავ აგრძელებს ალ-შარაას HTS-ის ტერორისტულ ორგანიზაციად აღრიცხვას. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დეკემბერში აღნიშნა, რომ სირიაში "რეჟიმის ცვლილება ახალ შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა ურისკო არ არის".