ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და ქვეყნის სათავეში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, 24 თებერვალს ევროკავშირმა სირიას ეკონომიკური სანქციების ნაწილი მოუხსნა.
"ჩვენ გავაგრძელებთ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას. ეს მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებს". - თქვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე.
როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, სანქციების შემსუბუქება მიზნად ისახავს "სირიის პოლიტიკური გარდაქმნისა და მისი ეკონომიკის მყისიერი აღდგენის, რეკონსტრუქციისა და სტაბილიზაციის" ხელშეწყობას.
სირიისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 27 იანვარს შეთანხმდნენ. იმ დროს კალასმა განაცხადა, რომ მინისტრების გადაწყვეტილების მიზანი იმ შეზღუდვების მოხსნა იყო, რომლებიც "ქვეყნის ადრეულ აღმშენებლობას ყველაზე მეტად აფერხებენ".
თუმცა მინისტრებმა სანქციების "უკან დაბრუნების" მექანიზმსაც დაუჭირეს მხარი, რათა, იმ შემთხვევაში, თუ სირიის ახალი ლიდერები სვლას არასწორი მიმართულებით დაიწყებენ, ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანი სწრაფი მოქმედებაა, ანალოგიურად ვართ მზად, შევცვალოთ კურსი იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდება". - აღნიშნა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროკავშირმა სირიის ოფიციალურ პირებისა და ორგანიზაციებისთვის აქტივების გაყინვა და სამოგზაურო აკრძალვების დაწესება 2011 წელს დაიწყო. ეს ბლოკის საპასუხო რეაქცია იყო ასადის რეჟიმის მიერ მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე, რომელიც შემდგომში სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ასადის რეჟიმის დამხობას დადებითად შეხვდა, ბლოკი კვლავ აგრძელებს ალ-შარაას HTS-ის ტერორისტულ ორგანიზაციად აღრიცხვას. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დეკემბერში აღნიშნა, რომ სირიაში "რეჟიმის ცვლილება ახალ შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა ურისკო არ არის".