პარტიები, რომლებიც გერმანიის სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ორი ფონდის შექმნას განიხილავენ, რომელთა ღირებულებაც ასობით მილიარდი ევრო იქნება. პირველი ფონდი თავდაცვის სფეროს განვითარებისთვის შეიქმნება, მეორე კი ინფრასტრუქტურისთვის. ამის შესახებ Reuters-ს ინფორმაცია საკითხის მცოდნე სამმა წყარომ მიაწოდა.
როგორც წყარო აღნიშნავს, არჩევნებში პირველ ადგილზე გასული გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის (CDU), ბავარიის ქრისტიან-სოციალისტური კავშირი (CSU) და სოციალ-დემოკრატების (SPD) ეკონომისტების შეფასებით, თავდაცვის ფონდისთვის 400 მილიარდი ევრო იქნება საჭირო, ინფრასტრუქტურის ფონდისთვის კი 400-დან 500 მილიარდ ევრომდე.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით სწრაფი მოქმედებისკენ ბერლინს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის განვითარებამ უბიძგა.
გერმანელი კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა სამთავრობო კოალიციის შესახებ გაცნობითი მოლაპარკებები გასულ პარასკევ დაიწყეს. მხარეებს იმედი აქვთ, რომ CDU-ს ლიდერი, ფრიდრიხ მერცი მთავრობის ჩამოყალიბებას 20 აპრილამდე შეძლებს.
წყაროები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული ფონდების შექმნის გადაწყვეტილებას ამჟამინდელი პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებამდე, მარტში მიიღებს.





