აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ სურს. მისივე თქმით, ეს ახლავე შეიძლება მოხერხდეს, ხოლო ომის დასრულებაზე შეთანხმება განსხვავებული საკითხია და ამას დრო სჭირდება.
ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს, რადგან, მისი თქმით, ის ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება. მანვე დაამატა, რომ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა "რეალური" იქნება და ომს დასასრულამდე მიიყვანს.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
"მათ დაუყოვნებლივ უნდა ჰქონდეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს კიდევ ერთი ნაწილი იყო, მას არ სურდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ცეცხლის შეწყვეტა ახლავე დაუყოვნებლივ შეიძლება შედგეს, ხოლო კონტრაქტი, თუ ომის დასრულება გსურს, შეთანხმებას აწერ ხელს და ამას დროის პერიოდი დასჭირდება, ამას დრო სჭირდება.
ამის დასრულება დაუყოვნებლივ მსურს და ვფიქრობ, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა გვექნება, რეალური ცეცხლის შეწყვეტა იქნება, რომელიც მას [ომს] დაასრულებდა, მაგრამ მას [ზელენსკის] ეს არ სურს. მშვენიერი, უკეთესი შეთანხმება დადოს. [...]
დასრულება დაუყოვნებლივ მინდა, ცეცხლის შეწყვეტა ახლავე მსურს.
მან თქვა, "მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა", უცებ დიდი ვინმეა, რადგან მის მხარეს აშშ არის. ამას [ბრძოლას] ან შევწყვეტთ ან საშუალებას მივცემთ, იბრძოლოს და თუ იბრძოლებს, ლამაზად არ დასრულდება, რადგან, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გარეშე ვერ გაიმარჯვებს". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის ცნობით, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ შედგა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ, ტრამპმა და ვენსმა მედიის წინ იკამათეს.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათით დასრულდა.





