ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა "აბსოლუტური, სრული კატასტროფა" იყო და მათ შორის ცხარე კამათით "განადგურებული" არის.
გრემმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრამდე ტრამპი მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერაზე დადებითად იყო განწყობილი.
სენატორი აქამდე აქტიურად მხარს უჭერდა აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმების გაფორმებას.
"განადგურებული [ვარ]. ყველაფერი, რაზეც მე [...] ვმუშაობდი, რათა კრიტიკული მინერალების შესახებ ჩვენთვის ორივესთვის სახეირო შეთანხმების გარშემო აშშ-სთან ახალი ურთიერთობა ყოფილიყო ნაცადი, დღეს სრულად განადგურდა". - თქვა გრემმა.
ამის შესახებ გრემმა Fox News-თან საუბრისას ილაპარაკა.
გრემის თქმით, ახლა საეჭვოა, შეუძლია თუ არა ტრამპს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, თუკი პრეზიდენტად ზელენსკი დარჩება.
"ჩემთვის კითხვა არის შემდეგი, "გამოსწორებადია ის ამერიკელთა თვალში?" ამერიკელთა უმრავლესობას, რომელიც იმას შეესწრო, რაც დღეს იხილეს, არ ენდომებოდათ ზელენსკის ბიზნეს პარტნიორად ყოლა, მათ შორის არც მე და მე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცხრაჯერ ვიყავი". - თქვა გრემმა.
გრემმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ტრამპს ბოდიში უნდა მოუხადოს, ხოლო თუ ამის გაკეთება არ შეუძლია, უკრაინულმა მხარემ სხვა წარმომადგენელი უნდა გაგზავნოს ან "შედეგებს შეეგუოს".
"რაც მინდა, რომ მან გააკეთოს არის, ალბათ, რომ უბრალოდ თქვას, "ჩემი ქვეყნისთვისა და აშშ-სთან ურთიერთობისთვის დიდი შეცდომა დავუშვი და რომ შემეძლოს ხელახლა გაკეთება, სხვაგვარად ვიზამდი და ბოდიში. [...] თუ ამას ვერ იტყვის, მაშინ უკრაინა, თქვენ უნდა სხვა ვინმე გამოგვიგზავნოთ, რომელთანაც შეთანხმებას შევძლებთ ან შედეგებს შეეგუოთ". - თქვა გრემმა.
Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის ცნობით, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ შედგა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ, ტრამპმა და ვენსმა მედიის წინ იკამათეს.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათით დასრულდა.





