ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის განმავლობაში მომზადდება.
ფონ დერ ლაიენი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრა უკვე გამართა.
შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უფრო მჭიდრო ალიანსი ინდოეთთან "მომავალ წლებსა და ათწლეულებში ევროპის პოლიტიკის ქვაკუთხედი იქნება", რომელიც დაფუძნებული იქნება ვაჭრობის, ტექნოლოგიის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში გაუმჯობესებულ თანამშრომლობაზე.
"ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამ მხრივ უდიდესი იქნება მსოფლიოს მასშტაბით. მე კარგად მესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება. თუმცა ასევე ვიცი, რომ დროის განსაზღვრა და სიმტკიცე ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია და რომ ეს პარტნიორობა ორივესთვის სწორ დროს ყალიბდება.
ეს არის მიზეზი, თუ რატომ შევთანხმდით პრემიერმინისტრ მოდისთან, რომ [შეთანხმება] მიმდინარე წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბოთ. თქვენ შეგიძლიათ, ენდოთ ჩემს ძალისხმევას, რათა დარწმუნდეთ, რომ ამას მივაღწევთ". - თქვა ფონ დერ ლაიენმა ინდოეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც გამოცემა POLITICO წერს, ახლადდაკომპლექტებული ევროკომისიის პირველი ვიზიტი ინდოეთში უკავშირდება ევროკავშირის მცდელობას, აშშ-სთან და ჩინეთთან გეოპოლიტიკური დაძაბულობების ფონზე ნიუ-დელისთან თანამშრომლობა შეინარჩუნოს.
ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება 2021 წელს განაგრძეს მას შემდეგ, რაც 2013 წელს მოლაპარაკებები ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის შემდეგ ამ საკითხთან მიმართებით პროგრესი ნელი იყო, როგორც POLITICO წერს, ამჟამად ორივე მხარე დაინტერესებული ჩანს, გააძლიეროს კავშირები ერთმანეთთან, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ს ბოლოდროინდელ მუქარებს ტარიფების შესახებ და ჩინეთის სწორხაზოვან სავაჭრო პრაქტიკას.