რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლუკაშენკო: რუსეთი ევროპელი სამშვიდობოების უკრაინაში განლაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

Sputnik/Vladimir Astapkovich/Kremlin via REUTERS

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს დათანხმდება უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ძალების გაგზავნას.

სააგენტო Belta-ს ინფორმაციით, ამერიკელ ბლოგერთან, მარიო ნაუფალთან ინტერვიუში ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირი აგრესიულ პოზიციას იკავებს. 

"რაც შეეხება სამშვიდობო ძალების გაგზავნას, რუსეთი ამას არასოდეს დათანხმდება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის რუსეთის დღევანდელი პოზიცია. მით უმეტეს, რომ ამ მომენტში ევროკავშირის ხელმძღვანელობა, პირველ რიგში გერმანია და საფრანგეთი, ძალიან აგრესიულ პოზიციას იკავებენ". - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი "კატეგორიულად ეწინააღმდეგება" ნებისმიერი ევროპული ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების იდეას.

მანამდე, 25 თებერვალს დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების ვერცერთ ვარიანტს ვერ განიხილავს.

"ევროპელების, პირველ რიგში საფრანგეთის, ასევე ბრიტანელების მიერ თავსმოხვეული მიდგომა ისევ კონფლიქტის გამწვავებასა და მისი დასრულების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას ემსახურება". - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები