რუსეთი

მოსკოვში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც ნემცოვის მკვლელობის დღის რეპორტაჟს ამზადებდნენ

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

მოსკოვში, მოსკოვრეცკის დიდ ხიდზე დააკავეს RusNews-ის ორი კორესპონდენტი, იულია პეტროვა და კონსტანტინ ჟაროვი, რომლებიც ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 10 წლის გასვლის ფაქტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში იყვნენ გასული.

RusNews-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში რუსეთის შსს-ს თანამშრომელი ამბობს, რომ არანაირ დაკავებაზე საუბარი არაა და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება სამსახურის ტრანსპორტის მახლობლად აკრძალულია. ამ ყველაფრის პარალელურად კი ჟურნალისტები პოლიციელებს ნემცოვის მემორიალიდან გაჰყავთ და წინასწარი დაკავების მანქანებისკენ მიჰყავთ. 

აქამდე რუსი აქტივისტები ამბობდნენ, რომ მოსკოვის ცენტრში მდებარე ხიდზე ნემცოვის მემორიალთან ყვავილების დასაწყობად მისულ ხალხს პოლიცია ადგილიდან განარიდებდა. პოლიცია მათგან ითხოვდა, რომ ყვავილების დაწყობის შემდეგ მემორიალთან არ გაჩერებულიყვნენ.

27 თებერვლის დილას ევროკავშირის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ელჩები მოსკოვში ნემცოვის მემორიალთან მივიდნენ და ყვავილები მიიტანეს. RusNews-ის ცნობით, ამის შემდეგ რუსმა საჯარო მოსამსახურეებმა ყვავილები და ნემცოვის ფოტოები მალევე გადაყარეს.

ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციების რამდენიმე მონაწილე დააკავეს სხვა ქალაქებშიც. ბარნაულში ასევე RusNews-ის ჟურნალისტი დააკავეს. უფაში დააკავეს სამი ადამიანი, რომლებმაც რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს. მათ გაფრთხილება მისცეს და გაათავისუფლეს.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკვორეცკის დიდ ხიდზე მოკლეს. მას ზურგის არეში ესროლეს. გამოძიება მაშინ ამბობდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩრდილოკავკასიელი იყო: ჩეჩნეთის შინაგანი ჯარების ბატალიონი სევერის ყოფილი მებრძოლი ზაურ დადაევი, ანზორ და შადიდ გუბაშევები, ტემირლან ესკერხანოვი და ხამზატ ბახაევი. მათ 11-დან 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა გამოძიებას მკვლელობის დამკვეთები და ორგანიზატორების ვინაობა არ დაუსახელებია.

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ტემირლან ესკერხანოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი დადო და უკრაინაში საბრძოლველად წავიდა, მანამ, სანამ მისი პატიმრობის ვადა ამოიწურებოდა. 

ნემცოვის ახლობლები და თანამებრძოლები ფიქრობენ, რომ მკვლელობის დამკვეთები შესაძლოა ჩეჩნეთის, ან მთლიანი რუსეთის მმართველთა წრიდან ყოფილიყვნენ.

კომენტარები