აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჯონ რობერტსმა შეაჩერა ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უნდა გაეგრძელებინა საგარეო დაფინანსების გაცემა კონტრაქტორებისთვის და გრანტის მიმღებთათვის.
ფედერალურმა მოსამართლემ 14 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, აღადგინოს გაყინული საგარეო დახმარება ასობით შესაბამისი კონტრაქტორისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადმინისტრაციის მიერ დახმარების 90-დღიანმა გაყინვამ მათზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ამისთვის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ვადა 27 თებერვლამდე მისცა.
სასამართლომ გადაწყვეტილება საერთაშორისო დახმარების პროექტებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და არაკომერციული ჯგუფების მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე მიიღო.
უზანაესი სასამართლოს მოსამართლემ შეაჩერა ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც უზენაეს სასამართლოს საქმის უფრო დეტალურად განხილვის შესაძლებლობა ექნება.
ცნობისთვის, 20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა. ამასთან, ტრამპმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტს დაუქვემდებარა და მსოფლიოს მასშტაბით სააგენტოს ათასობით თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანება გასცა.





