უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიწვევა მიიღო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მხარეები აშშ-უკრაინას შორის მინერალებზე გარიგების განახლებულ ვერსიაზე შეთანხმდნენ.
ზელენსკის თქმით, შეთანხმება ჯერჯერობით საბოლოო არ არის და დაამატა, რომ მას დოკუმენტის შესასწავლად და ევროპელ მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლად დრო სჭირდება. თუმცა, უკრაინის ლიდერმა მიანიშნა, რომ შეთანხმების გეგმა მისთვის მისაღებია, რადგან იგი არ მოიცავს ისეთ პირობებს, რომელიც უკრაინას "მოვალე" სახელმწიფოდ აქცევს.
"ამ შეთანხმებას, შესაძლოა, დიდი წარმატება ჰქონდეს - ან უხმაუროდ გადაიაროს. დიდი წარმატება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული". - აღნიშნა მან.
მინერალებზე შეთანხმების განახლებული ვერსია აშშ-ს უკრაინასთან ერთობლივ ფონდზე სრულ საკუთრებას არ ანიჭებს, თუმცა, მასში არც მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებია გათვალისწინებული. ამის შესახებ გამოცემა Українська правда წერს, რომელმაც დოკუმენტზე წვდომა მოიპოვა.
განახლებული შეთანხმებიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც აშშ-ს საინვესტიციო ფონდზე 100%-იან კონტროლს აძლევდა. განახლებული ტექსტის მიხედვით, აშშ-ს მიიღებს მაქსიმალურ ფინანსურ წილს ფონდში, რომელიც აშშ-ს კანონმდებლობითაა დაშვებული.
"მინერალებზე შეთანხმება $500, $300 ან $100-მილიარდიან ვალს არ მოიცავს. ეს ჩვენთვის არასამართლიანი იქნებოდა. ჩვენ მოვალეები არ ვართ". - თქვა ზელენსკიმ რეპორტიორებთან საუბრისას.
უკრაინისა და აშშ-ს ერთობლივი მფლობელობა განისაზღვრება ქვეყნების მიერ ფონდში ფაქტობრივი შენატანების შესაბამისად. ფონდის მმართველი ორივე ქვეყანა ერთდროულად იქნება, თუმცა, აშშ შეინარჩუნებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას აშშ-ს კანონმდებლობის ფარგლებში.
ამასთან, შეთანხმებაში დამატებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკრაინას და აშშ-ს არ ექნებათ უფლება გაყიდონ ან გადაიტანონ საკუთარი წილი მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირების მიზნით, ფონდი უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან და მასთან დაკავშირებული პორტებიდან და ინფრასტრუქტურიდან (მათ შორის იმ ობიექტებიდან, რომლებიც უკრაინის არაპირდაპირ მფლობელობაშია) მიღებული შემოსავლის 50%-ს მიიღებს.
ფონდის კონტრიბუციის წყაროები არ მოიცავს იმ თანხებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია უკრაინის ბიუჯეტში შემოსავლის ნაწილად. შენატანების ვადები, მოცულობა და სტაბილურობა ფონდის შესახებ მომავალ შეთანხმებაში განისაზღვრება.
ფონდში შენატანების უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირება მინიმუმ წელიწადში ერთხელ მოხდება, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაცხადებული მიზნით. სამომავლო ფონდის ხელშეკრულებაში ასევე მითითებული იქნება, თუ როგორ გადანაწილდება თანხები დროთა განმავლობაში.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ შეთანხმების განახლებული ვერსიიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში ინვესტიციების გაორმაგებას ყოველ შემოწირულ დოლარზე. ასევე ამოღებულია პუნქტი, რომლის მიზანიც უკრაინის მშპ-ს 2021 წლის დონემდე აღდგენა იყო.
მანამდე, ოვალურ ოფისში აღმასრულებელ ბრძანებებზე ხელმოწერის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს დაუდასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს, რათა ორი ქვეყნის ლიდერმა მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
ტრამპის თქმით, მინერალებზე შეთანხმების შედეგად ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ფულს უკან დაიბრუნებენ, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინა "$350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს".





