რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რას მოიცავს აშშ-უკრაინის წიაღისეულის შეთანხმება ამ დროისთვის

მინერალებზე შეთანხმების განახლებული ვერსია აშშ-ს უკრაინასთან ერთობლივ ფონდზე სრულ საკუთრებას არ ანიჭებს, თუმცა, მასში არც მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებია გათვალისწინებული. ამის შესახებ გამოცემა Українська правда წერს, რომელმაც დოკუმენტზე წვდომა მოიპოვა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტს ხელს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიგა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოაწერენ. შეთანხმების ფარგლებში აშშ და უკრაინა რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს შექმნიან.

განახლებული შეთანხმებიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც აშშ-ს საინვესტიციო ფონდზე 100%-იან კონტროლს აძლევდა. განახლებული ტექსტის მიხედვით, აშშ-ს მიიღებს მაქსიმალურ ფინანსურ წილს ფონდში, რომელიც აშშ-ს კანონმდებლობითაა დაშვებული.

უკრაინისა და აშშ-ს ერთობლივი მფლობელობა განისაზღვრება ქვეყნების მიერ ფონდში ფაქტობრივი შენატანების შესაბამისად. ფონდის მმართველი ორივე ქვეყანა ერთდროულად იქნება, თუმცა, აშშ შეინარჩუნებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას აშშ-ს კანონმდებლობის ფარგლებში.

ამასთან, შეთანხმებაში დამატებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკრაინას და აშშ-ს არ ექნებათ უფლება გაყიდონ ან გადაიტანონ საკუთარი წილი მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.

უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირების მიზნით, ფონდი უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან და მასთან დაკავშირებული პორტებიდან და ინფრასტრუქტურიდან (მათ შორის იმ ობიექტებიდან, რომლებიც უკრაინის არაპირდაპირ მფლობელობაშია) მიღებული შემოსავლის 50%-ს მიიღებს.

ფონდის კონტრიბუციის წყაროები არ მოიცავს იმ თანხებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია უკრაინის ბიუჯეტში შემოსავლის ნაწილად. შენატანების  ვადები, მოცულობა და სტაბილურობა ფონდის შესახებ მომავალ შეთანხმებაში განისაზღვრება.

ფონდს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, კრედიტი გასცეს ან აანაზღაუროს უკრაინის მთავრობის მიერ ახალ პროექტებზე გაწეული რეალური ხარჯები.

ფონდში შენატანების უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირება მინიმუმ წელიწადში ერთხელ მოხდება, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაცხადებული მიზნით. სამომავლო ფონდის ხელშეკრულებაში ასევე მითითებული იქნება, თუ როგორ გადანაწილდება თანხები დროთა განმავლობაში.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ შეთანხმების განახლებული ვერსიიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში ინვესტიციების გაორმაგებას ყოველ შემოწირულ დოლარზე. ასევე ამოღებულია პუნქტი, რომლის მიზანიც უკრაინის მშპ-ს 2021 წლის დონემდე აღდგენა იყო.

ასევე, დოკუმენტიდან ამოღებულია დებულება იმის შესახებ, რომ შემოსავლების მიღება იმ ობიექტებიდან, რომლებიც შეთანხმების მომენტში რუსული ოკუპაციის ქვეშაა, შესაძლოა აღემატებოდეს 50%-ს დეოკუპაციის შემთხვევაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეთანხმებიდან ამოღებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც მოითხოვდა უკრაინის კონტრიბუციების გაგრძელებას იმ დრომდე, სანამ 500 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევდა.  ასევე ამოღებულია ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მთელი ფინანსური დახმარება უნდა დამატებოდა იმ თანხებს, რომელიც უკრაინამ ფონდში უნდა ჩადოს.

შეთანხმების თანახმად, აშშ აპირებს ფინანსური ვალდებულების აღებას უკრაინის დასახმარებლად, თუმცა, კონკრეტული თანხები ცალკე განისაზღვრება. ამასთან, შეთანხმება არ მოიცავს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს.

Українська правда აღნიშნავს, რომ უკრაინამ და აშშ-მ აიღეს ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყონ ცალკეული შეთანხმების შემუშავება, რომელიც მომავალი ფონდისთვის დეტალურ სტრუქტურას განსაზღვრავს.


ოვალურ ოფისში აღმასრულებელ ბრძანებებზე ხელმოწერის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს დაუდასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს, რათა ორი ქვეყნის ლიდერმა მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

ტრამპის თქმით, მინერალებზე შეთანხმების შედეგად ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ფულს უკან დაიბრუნებენ, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინა "$350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს".

კომენტარები