საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონის თქვა, რომ საფრანგეთი იზიარებს აშშ-ს სურვილს, უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ტრამპს რუსეთის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მაკრონმა 24 თებერვალს Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
მაკრონმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავი იყო.
"უპირველეს ყოვლისა, აქ მოსვლა მსურდა, რათა მეგობრობისა და აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის ისტორიის მნიშვნელობის გზავნილი გადმომეცა. მეორეც, იმის სათქმელად, რომ კარგი, ჩვენ მშვიდობა გვსურს. ვთანხმდებით. [...] მშვიდობა გვსურს და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა ძალიან დადებითია, თუმცა ჩემი გზავნილი იყო, რომ მეთქვა, ფრთხილად იყავი, რადგან რაღაც სუბსტანციური გვჭირდება უკრაინისთვის, ასევე ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის. ამასთან, მოდით, მომავლისთვის ერთად ვიმუშაოთ, რათა უსაფრთხოების გარანტიები შევინარჩუნოთ, ანუ უზრუნველვყოთ, რომ ამ მშვიდობას რუსეთი პატივს სცემს". - თქვა მაკრონმა.
მაკრონმა ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტას საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აქამდე არაერთხელ დაურღვევია.
"დიახ, მაგრამ სიფრთხილე არის საჭირო, რადგან 2014 წელს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვქონდა და შემიძლია, ჩემი გამოცდილებიდან გითხრათ, რადგან გერმანიასთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი ვიყავი, რუსეთმა ის ყოველ ჯერზე დაარღვია". - თქვა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე დაამატა, რომ ვაშინგტონში ჩამოსვლისას აშშ-სა და საფრანგეთს, აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობების განხილვაც სურდა. მისივე თქმით, მასსა და ტრამპს შორის შეხვედრა "ძალიან სტრატეგიული და გადამწყვეტი" იყო.
"გარდა ამისა, მე მსურდა განმეხილა ორმხრივი ურთიერთობა და ჩვენი, საფრანგეთისა და აშშ-ს, ევროპისა და აშშ-ს, მომავალი, როგორ გვქონდეს მშვიდობა, როგორ გვქონდეს მეტი კეთილდღეობა, როგორ გვქონდეს მეტი ვაჭრობა და ინვესტიციები. ამიტომ, ძალიან სტრატეგიული და გადამწყვეტი შეხვედრა იყო". - თქვა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 3 წლისთავზე, 24 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა და ტრამპს შეხვდა. ამ კვირაში ვაშინგტონში ვიზიტით ჩასვლას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი ასევე აპირებს.
ცნობისთვის, გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს.
როგორც Telegraph აღნიშნავდა, სტარმერის თქმით, რუსეთის ხელახალი თავდასხმის შესაკავებლად ამ გეგმას აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება. გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ სტარმერი ტრამპს მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს ავიაგამანადგურებლები და რაკეტები პასუხის გასაცემად მზად იყვნენ, თუკი რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს.
მანამდე, აშშ-ს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა გააკეთა განცხადება, რომ მაკრონი და სტარმერი რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდოდნენ.
მოგვიანებით, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა დაადასტურა, რომ მაკრონი შემდეგ კვირას ტრამპს შეხვდებოდა.
ცნობისთვის, 19 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები შესაძლოა თებერვლის ბოლომდე გაიმართოს.
"ჩვენ ყველა მხარესთან ჩართული ვართ და შემდეგი ნაბიჯი, ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება იქნება წინ წასასვლელად და მეტ დეტალზე სასაუბროდ". - თქვა უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში





