22 თებერვალს აშშ-ს შტატ პენსილვანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებული პირი რეანიმაციის განყოფილებაში შეიჭრა და რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანა. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს, თუმცა თავმდასხმელის მხრიდან სროლის შედეგად ასევე დაიღუპა ერთ-ერთი ოფიცერი.
თავდამსხმელმა ასევე 5 ადამიანი, საავადმყოფოსა და პოლიციის თანამშრომლები დაჭრა.
იორკის ოლქის პროკურორის, ტიმ ბარკერის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები UPMC Memorial საავადმყოფოს სამმა თანამშრომელმა - ექიმმა, მედდამ და დასუფთავების თანამშრომელმა და ასევე ორმა ოფიცერმა მიიღეს.
სროლის შედეგად დაღუპული ოფიციერი ენდრიუ დუარტეა. ის იორკის პოლიციის დეპარტამენტს 2022 წელს დენვერის პოლიციის დეპარტამენტში 5 წლის მუშაობის შემდეგ შეუერთდა.
დუარტეს LinkedIn პროფილზე მითითებული ინფორმაციით, 2021 წელს მან ორგანიზაცია Mothers Against Drunk Driving-სგან (დედები მთვრალი მძღოლების წინააღმდეგ) "გმირის ჯილდო" მიიღო კოლორადოს შტატში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული მუშაობისთვის.

იორკის პროკურორის ინფორმაციით, თავდამსხმელი 49 წლის დიოგენეს არქანჯელ-ორტიზია. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნის მომენტში თავდამსხმელი იარაღიდან გასროლის მუქარით საავადმყოფოს ერთ-ერთ ქალ თანამშრომელს აკავებდა, რომლის ხელებიც პლასტიკური სამაგრებით იყო შეკრული.

ბარკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, არსებობს მტკიცებულებები, რომ არქანჯელ-ორტიზს წინა კვირის განმავლობაში საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებასთან კონტაქტი ჰქონდა "სამედიცინო მიზნით, რომელიც სხვა პიროვნებას ეხებოდა" და ის რეანიმაციის თანამშრომლებს მიზანმიმართულად დაესხა თავს.






