რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, შეძლებდა პუტინის დარწმუნებას, დაებრუნებინა გატაცებული ბავშვები უკრაინაში

AFP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ ის შეძლებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დარწმუნებას, გაეთავისუფლებინა რუსების მიერ ომის განმავლობაში გატაცებული ათასობით უკრაინელი ბავშვი, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

"ვფიქრობ, კი, ამას შევძლებდი. ამის შესახებ დიდი არაფერი ვიცოდი. გუშინ გავიგე. საკმაოდ რთული რამაა, თუმცა ვფიქრობ, შევძლებდი". - თქვა ტრამპმა Fox News-ის რადიოსთან ინტერვიუში. 

პროუკრაინული არაკომერციული ორგანიზაცია Razom for Ukraine-ის მონაცემებით, რუსებმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 19 546 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს. 

გაეროს ერთ-ერთი კომისიის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, რუსები ბავშვებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან იტაცებენ და რუსეთის სიღრმეში გადაჰყავთ. 

ზოგიერთ ბავშვს, არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებენ, ზოგს კი ბავშვთა სახლში აბარებენ. ზოგ ბავშვს უწევს, რომ სრულიად გაწყვიტოს კომუნიკაცია საკუთარ ოჯახთან. 

გატაცებული ბავშვების მშობლებს გაეროს კომისიისთვის უთქვამთ, რომ რუსები მათ შვილებს არასათანადოდ ეპყრობიან, მათ ცემენ და ბინძური ტანსაცმლის ტარებას აიძულებენ. 

გაეროს კომისიის ანგარიშში რუსეთის მიერ ბავშვების გატაცების პრაქტიკა მოხსენიებულია როგორც ომის დანაშაული, რომელიც, შესაბამისად, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს. 

"რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგმა არ უნდა დატოვოს სივრცე ეჭვისთვის: ამ შეჭრას არაფერი აქვს საერთო NATO-სთან და ყველაფერი საერთო უკრაინული იდენტობის განადგურების მცდელობასთან. ბავშვთა ტრეფიკინგი ყველაფრის წინააღმდეგ მიდის, რასაც ჩვენ, ამერიკა ვიცავთ. ჩვენ არ შეგვიძლია ბოროტთან წინააღმდეგ ბრძოლაში ვიყოყმანოთ". - უთხრა New York Post-ს მიკოლა მურსკიმ, Razom for Ukrain-ის ადვოკატირების დირექტორმა. 

კომენტარები