საპროტესტო აქციის მსვლელობისას კოსტავას ქუჩაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციამ "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე" ორი პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს". - წერია შსს-ს განცხადებაში.
მანამდე, მოქალაქეებმა გაავრცელეს კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ორი პირი მომიტინგეებზე თავდასხმას ცდილობს. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი მათგანი ბასრი იარაღით არის შეიარაღებული. მოქალაქეები წერდნენ, რომ თავდამსხმელებს კეტიც ჰქონდათ.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ორი პირი სწორედ კოსტავას ქუჩაზე აქციის მსვლელობის დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დააკავეს.





