აშშ-კანადა

მომწონს კანადის ჰიმნი, მოგვიწევს, რომ ის 51-ე შტატისთვის დავტოვოთ – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ კანადის ეროვნული ჰიმნი მოსწონს და კანადა, როგორც 51-ე შტატი, მას შეინარჩუნებს. ტრამპი ასევე ოთხი ერის თასის ფინალზე კანადელი გულშემატკივრების მიერ აშშ-ს ჰიმნზე სტვენის ატეხვას შეეხო და თქვა, რომ ისინი, "საბოლოოდ, ეროვნულ ჰიმნს შეაქებენ". 

ამის შესახებ ტრამპმა რესპუბლიკელი გუბერნატორების ასოციაციის (RGA) შეხვედრაზე ილაპარაკა

"მათ მოუწევთ ავტომობილებზე, ხეტყეზე, ნავთობზე და გაზზე და ა.შ. ტარიფების გადახდა. ისინი თავიანთი პროდუქტების 95%-ს ჩვენგან იღებენ. ვფიქრობ, რომ 51-ე შტატი უნდა გახდნენ. თქვენ გესმოდათ, რომ ხალხმა ეროვნულ ჰიმნზე სტვენა ატეხა, მაგრამ მგონია, რომ, საბოლოოდ, ეროვნულ ჰიმნს შეაქებენ. [...]

ამაზე რაღაც გარიგება უნდა შევიმუშაოთ, რადგან მე მომწონს "O, Canada". მშვენიერი რამ არის. ვფიქრობ, მოგვიწევს, რომ ის 51-ე შტატისთვის დავტოვოთ". - თქვა ტრამპმა.  

ოთხი ერის ტურნირი ჰოკეიში წელს პირველად გაიმართა. კანადასა და აშშ-სთან ერთად მონაწილეობა შვედეთმა და ფინეთმა მიიღეს. ფინალში კი გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმი გახდა საჭირო, დაძაბულ ბრძოლაში კანადელებმა ანგარიშით 3-2 გაიმარჯვეს.

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო მატჩში კანადის მიერ აშშ-ს ეროვნული ნაკრების დამარცხებას გამოეხმაურა.

"თქვენ ვერ წაიღებთ ჩვენს ქვეყანას და ვერ წაგვართმევთ ჩვენს თამაშს". - დაწერა ტრუდომ X-ზე.

მანამდე, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდებიან თუ როგორ დაამარცხება აშშ "კანადის, ახლო მომავალში აშშ-ს 51-ე შტატის ნაკრებს".

წარსულში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს. 

რამდენიმე კვირის წინ კი კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ბიზნეს ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილი, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს, რეალურია.

შეხვედრაზე ტრუდომ აღნიშნა, რომ ტრამპს კანადის ანექსია კრიტიკულ მინერალებზე წვდომისთვის სურს. 

კომენტარები