კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ჰოკეიში, ოთხი ერის თასის ფინალში კანადის მიერ აშშ-ს ეროვნული ნაკრების დამარცხებას გამოეხმაურა.
"თქვენ ვერ წაიღებთ ჩვენს ქვეყანას და ვერ წაგვართმევთ ჩვენს თამაშს". - დაწერა ტრუდომ X-ზე.
მანამდე, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდებიან თუ როგორ დაამარცხება აშშ "კანადის, ახლო მომავალში აშშ-ს 51-ე შტატის ნაკრებს".
კანადის პრემიერმინისტრმა ოთხი ერის ტურნირის ფინალს, რომელიც აშშ-ს ქალაქ ბოსტონში გაიმართა, საკუთარ ქვეყანაში, ერთ-ერთ ლუდის ბარში, სხვა გულშემატკივრებთან ერთად უყურა.
ოთხი ერის ტურნირი ჰოკეიში წელს პირველად გაიმართა. კანადასა და აშშ-სთან ერთად მონაწილეობა შვედეთმა და ფინეთმა მიიღეს. ფინალში კი გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმი გახდა საჭირო, დაძაბულ ბრძოლაში კანადელებმა ანგარიშით 3-2 გაიმარჯვეს.
წარსულში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს.
რამდენიმე კვირის წინ კი კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ბიზნეს ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილი, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს, რეალურია.
შეხვედრაზე ტრუდომ აღნიშნა, რომ ტრამპს კანადის ანექსია კრიტიკულ მინერალებზე წვდომისთვის სურს.





