რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Telegraph: სტარმერი ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს

გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს.

როგორც Telegraph აღნიშნავს, სტარმერის თქმით, რუსეთის ხელახალი თავდასხმის შესაკავებლად ამ გეგმას აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება. გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ სტარმერი ტრამპს მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს ავიაგამანადგურებლები და რაკეტები პასუხის გასაცემად მზად იყვნენ, თუკი რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს. 

"დახმარების მიზანი იმაში დარწმუნება იქნება, რომ გაგზავნილ ძალებს რუსეთი არ დაუპირისპირდება". - თქვა გამოცემასთან საუბრისას წყარომ. 

გამოცემის თანახმად, აღნიშნული გეგმა ევროპელმა ლიდერებმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გამართულ საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს. 

Telegrah-ის თანახმად, საფრანგეთისა და ბრიტანეთის გეგმით, 30 000 ევროპელი სამხედრო ფრონტის ხაზისგან შორს, უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მაგალითად ატომურ ელექტროსადგურებზე განლაგდება.

გამოცემასთან საუბრისას თანამდებობის პირმა თქვა, რომ ევროპული მისია "ტექნიკურ მონიტორინგს", მათ შორის, დაზვერვას, სადაზვერვო თვითმფრინავებს, დრონებსა და სატელიტებს დაეყრდნობა, რათა შექმნას "სრული სურათი, თუ რა ხდება". 

Telegraph-ის წყარომ ასევე დაამატა, რომ მისიას საკმარისი აღჭურვილობა ექნება, რათა თვალყური ადევნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს საჰაერო თავდასხმებს, რათა უკრაინის საჰაერო სივრცე კომერციული ფრენებისთვის გაიხსნას. 

გარდა ამისა, გამოცემა ასევე წერს, რომ ამ გეგმით, შავ ზღვაში საზღვაო საპატრულო გემები გაიგზავნებიან, რათა რუსეთის მხრიდან საზღვაო კომერციული გზებისადმი შექმნილ საფრთხეებს თვალყური ადევნოს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ გეგმით გათვალისწინებული დახმარება შესაძლოა აშშ-ს რუმინეთსა და პოლონეთში განლაგებულ ავიაგამანადგურებლებს მოიცავდეს.

Telegraph წერს, რომ ეს სტრატეგია აგრძელებს რუსეთთან NATO-ს ძალების პირდაპირი დაპირისპირების თავიდან არიდების შესახებ ალიანსის პოლიტიკას. ამასთან, როგორც თანამდებობის პირმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, იმედი არსებობს, რომ ტრამპი შეთავაზებას დათანხმდება, რადგან გეგმა უკრაინაში ომის შემდეგ აშშ-ს ჯარისკაცების გაგზავნას არ მოიცავს. 

"მიზეზი, თუ რატომ არ არის ეს სამშვიდობო ძალები ან მშვიდობის უზრუნველყოფა ან შესაკავებელი ძალები, არის ის, რომ მხარდაჭერამ, ცეცხლის შეწყვეტამ, სასამართლო პროცესებმა, საფუძველი მოგცეს რაღაცისთვის, რაც შეიძლება უფრო მსუბუქი იყოს". - თქვა წყარომ გამოცემასთან საუბრისას. 

გამოცემის წყაროს მიხედვით, NATO საერთო დაცვის შესახებ მე-5 მუხლის განხილვისთვის ღია იქნება. როგორც Telegraph განმარტავს, არ არსებობს მოლოდინი, რომ მუხლი უკრაინაში განლაგებულ ევროპელ ჯარისკაცებს შეეხებათ, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს, რომ მუხლი ძალაში იყოს, თუკი რუსეთი განლაგებული სამხედროების გამო მათ ტერიტორიაზე თავდასხმას გადაწყვეტს.

მანამდე,  აშშ-ს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა გააკეთა განცხადება, რომ მაკრონი და სტარმერი რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ. 

მოგვიანებით, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა დაადასტურა, რომ მაკრონი შემდეგ კვირას ტრამპს შეხვდება.

ცნობისთვის გუშინ, 19 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები შესაძლოა თებერვლის ბოლომდე გაიმართოს.

"ჩვენ ყველა მხარესთან ჩართული ვართ და შემდეგი ნაბიჯი, ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება იქნება წინ წასასვლელად და მეტ დეტალზე სასაუბროდ". - თქვა უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში

კომენტარები