აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს და "კოზირები მათ ხელშია", რადგან მათ ბევრი ტერიტორიის დაკავება შეძლეს. ამის შესახებ ტრამპმა BBC-სთან ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს, მართლა ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით კოზირები ცოტა არ იყოს მათ ხელშია, რადგან მათ ბევრი ტერიტორია დაიკავეს. კოზირები მათ ხელშია". - უთხრა ტრამპმა BBC-ს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთს, როდესაც მოსკოვი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ენდობა.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა.
მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 52% ენდობა.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.





