აშშ-უკრაინა

კით კელოგი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი 19 თებერვალს უკრაინის დედაქალაქ კიევში სპეციალური ვიზიტით ჩავიდა.

კელოგს კიევის სადგურში უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

კიევში ვიზიტის შესახებ საუბრისას, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "ეს არის პოტენციური მოლაპარაკებების გამართვის კარგი შანსი".

"ჩვენ მოგისმენთ. მზად ვართ, უზრუნველვყოთ აუცილებელი დახმარება. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილი არის მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები აშშ-ში, ვესაუბრები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად ვიგებთ" - ამბობს კელოგი

კელოგმა ასევე გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა.

"მან [ტრამპმა] კარგად იცის, რომ ხალხი იტანჯება, ესმის, რამდენი ნგრევაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს" – აღნიშნა კელოგმა.

18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, იმ ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.

კომენტარები