NATO-რუსეთი

გრუშკო ბუქარესტის სამიტის პირობაზე იმუქრება: გვიანი იქნება შეკითხვები, რატომ მოვიქეცით ასე

ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმუქრება და ამბობს, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციებს არ გაითვალისწინებენ, მოსკოვი მიმართავს "დამოუკიდებელ მოქმედებებს" საკუთარი "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

გრუშკო ირწმუნება, თითქოს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინაში იმის შედეგია, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მომავალში საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებოდნენ.

"მრავალმხრივ, დღევანდელი სიტუაცია არის იმ გეოპოლიტიკური კატასტროფის შედეგი, რომელიც ბუქარესტში მოხდა მაშინ, როცა NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 2007 წლიდან დაწყებული ყველა საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ევროპული უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდა, რუსეთი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება არის ნაღმი, რომელიც ევროპული უსაფრთხოების საფუძველშია ჩადებული და თუ არ მოხდება მისი უვნებელყოფა, ადრე თუ გვიან აფეთქდება. და თუ რუსეთის ფედერაციის ამ პოზიციას არ გაითვალისწინებენ, მაშინ ჩვენ მივმართავთ დამოუკიდებელ მოქმედებებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ამ დროს უკვე გვიანი იქნება მოსმენა, შეკითხვების დასმა, რატომ მოვიქეცით ასე და არა სხვანაირად." - თქვა გრუშკომ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამას გარდა 18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთისთვის საკმარისი არ იქნება და ალიანსისგან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კომენტარები