აშშ-რუსეთი

აშშ და რუსეთი ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ

ამერიკული და რუსული დელეგაციების შეხვედრა ერ-რიადში
AP Photo / Evelyn Hockstein

აშშ და რუსეთი ვაშინგტონსა და მოსკოვში ახალი ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა.

ლავროვის თქმით, ეს საკითხი "ყველაზე სასწრაფო და არც თუ ისე რთული" იყო.

ამას გარდა, ლავროვის თქმით, შეთანხმდნენ, რომ მოიხსნება სირთულეები, რომლებსაც "ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აწყობდა" რუსეთის დიპლომატიური მისიების მიმართ, რაც, მისივე თქმით, "სერიოზულად ართულებდა მათ სამუშაოს". 

მსგავს სირთულედ ლავროვმა დაასახელა "დიპლომატების გაუთავებელი გაძევებები", რაზეც, "რუსეთი იძულებული იყო ეპასუხა".

მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზი გაუსვეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ "აღმოფხვრან გამაღიზიანებლები" ორმხრივ ურთიერთობაში და გააგრძელონ უკრაინის ომზე მოლაპარაკებების დაწყების მომზადება.

18 თებერვალს, საუდის არაბეთში უკრაინის ომის საკითხზე, ასევე ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებზე აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

კომენტარები