რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, რუსეთისთვის უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდაზე ევროპის ქვეყნების ყოფნა გამორიცხულია. გრუშკო ამტკიცებს, რომ EU-ს ქვეყნების სურვილი, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, "განმაცვიფრებელია" და მინსკის შეთანხმებაში მათ მონაწილეობას იხსენებს.
"დღესდღეობით ევროკავშირის ქვეყნები რატომღაც უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილს ითხოვენ, ეს უბრალოდ განმაცვიფრებელია, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ისინი ამ მაგიდასთან იმყოფებოდნენ". - თქვა გრუშკომ.
გრუშკოს თანახმად, ევროკავშირის "მისწრაფება, რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისკენ" მათთვის მოლაპარაკებებში "ნებისმიერ როლს" გამორიცხავს. მისივე თქმით, თუკი ევროპას მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა სურს, უკრაინისთვის დახმარების მიწოდება უნდა შეწყვიტოს.
"ეს გამორიცხავს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებისთვის ნებისმიერ როლს უკრაინაში კონფლიქტის რეგულირებაზე და მის შესახებ მომავლ მოლაპარაკებებში. [...] თუ ევროპას ნამდვილად სურს, რომ რაიმენაირი როლი შეასრულოს კონფლიქტის დარეგულირებაში, ამის გაკეთება ძალიან მარტივია - შეწყვიტოს კიევის რეჟიმის სამხედრო და სხვაგვარი დახმარება". - თქვა გრუშკომ.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ასევე თქვა, რომ ევროპის ქვეყნების მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა იყვნენ.
დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.





