გერმანული კომპანია Rheinmetall-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ თავდაცვაში არასაკმარისი ინვესტიციების გამო უკრაინის საკითხთან მიმართებით ევროპული ქვეყნები "ბავშვების მაგიდასთან" აღმოჩნდნენ.
პაპერგერის თქმით, ევროპა თავად არის პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ უკრაინაში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის გვერდის ავლით გადაწყვიტა.
"თუ ინვესტიციას არ ჩადებ, ძლიერი არ ხარ და როგორც ბავშვებს, ისე გეპყრობიან". - თქვა მან გამოცემასთან ინტერვიუში, რომელიც 18 თებერვალს გამოქვეყნდა.
"ძალიან მოსახერხებელი იყო ევროპელებისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე რომ ეთქვათ, "კარგი, [თავდაცვაზე მშპ-ს] 1%-ს დავხარჯავთ, ეს ნორმალურია". - აღნიშნა პაპერგერმა. მისი თქმით, ასეთი პოზიციის შედეგი ის არის, რომ უკრაინის მომავალზე აშშ-სა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ევროპელებს ისე ექცევიან, როგორც ცალკე მაგიდასთან მსხდომ ბავშვებს.
წინა კვირაში Financial Times კვლევაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყნის ეკონომიკის საომარ რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხარჯები ამჟამად ევროპის ყველა ქვეყნის ერთად აღებულ თავდაცვის ბიუჯეტს აღემატება.
გამოცემის ინფორმაციით, წინა წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები რეალურ გამოხატულებაში 42%-ით გაიზარდა, რაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით $462 მილიარდს უტოლდება.
შედარებისთვის, ევროპის ქვეყნების ჯამური თავდაცვის ბიუჯეტი, რაც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოიცავს, 2024 წელს თითქმის 12%-ით გაიზარდა და $457 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით ჩამოუვარდება მოსკოვის ხარჯებს, წერს სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (IISS).
IISS-ის გათვლებით, მიმდინარე წელს რუსეთის მთლიანი თავდაცვის ხარჯი, მათ შორის ე.წ. მოხალისეობრივი გადასახადები რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კომპანიების მხრიდან, 13.7%-ით გაიზრდება და 15.6 ტრილიონ რუბლს მიაღწევს, რაც რუსეთის მშპ-ს 7.5%-ის, ხოლო რუსეთის ფედერალური ხარჯების 40%-ის, ტოლფასი იქნება.
შედარებისთვის, IISS-ის მიხედვით, თუკი ევროპის ქვეყნები თავდაცვის ხარჯს მშპ-ს 3%-მდე გაზრდიან, ეს დამატებით $250 მილიარდის ტოლფასი იქნება, ხოლო მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შემთხვევაში ევროპის ქვეყნების თავდაცვის ხარჯი დაახლოებით $800 მილიარდით გაიზრდება, რაც რუსეთის ხარჯის ამჟამინდელ დონეზე თითქმის ორჯერ მეტი იქნება.
დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.





