რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების განლაგების მიმართ "უარყოფითად" არის განწყობილი, მიუხედავად იმისა, თუ რა როლს შეასრულებენ.
გრუშკოს მტკიცებით, უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგება ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო არხები, РИА Новости და ТАСС წერენ.
"უარყოფითად და ამის შესახებ მრავალჯერ გვილაპარაკია. ისინი იქ რა ნიღბის ქვეშაც არ უნდა გამოჩდნენ, ეს ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია". - თქვა გრუშკომ ТАСС-ის კითხვის პასუხად.
ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ იგი მზადაა, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს, რათა ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმება აღსრულებული იყოს.
სტარმერის თქმით, მას მარტივად არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები "საფრთხის წინაშე" დააყენოს.
"გაერთიანებული სამეფო მზად არის, მოწინავე როლი შეასრულოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარების მხრივ. ეს მოიცავს სამომავლო დახმარებას უკრაინის ჯარისთვის - რისთვისაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო წელიწადში £3-მილიარდიანი ვალდებულება, სულ მცირე, 2030 წლამდე.
მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ვიყოთ მზად და გაგვაჩნდეს ნება, წვლილი შევიტანოთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი სამხედროების გაგზავნის მხრივ. ამას ჰაერზე არ ვამბობ. ძალიან ღრმად განვიცდი პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს პოტენციურად ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საფრთხის წინაშე დაყენებას.
მაგრამ ნებისმიერი როლი იმაში, რომ დავეხმაროთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის მხრივ, ნიშნავს ხელშეწყობას, რომ გარანტირებული იყოს ჩვენი კონტინენტისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ამ ომის დასასრული, როცა ეს დადგება, არ შეიძლება იყოს უბრალოდ დროებითი პაუზა, სანამ პუტინი ხელახლა გადაწყვეტს თავდასხმას". - წერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.
მოგვიანებით, Reuters ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შვედეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ სამშვიდობო ძალების სახით ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
დღეს, 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.





