უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგი კიევში 20 თებერვალს ჩავა. ინფორმაციას Interfax Ukraine ავრცელებს.
"ჩვენ კელოგს ველოდებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ იგი 20 თებერვალს ჩამოვა. ის 2 ან მეტი დღე დარჩება აქ. მე მასთან ერთად ფრონტზე წასვლა მსურს და ისიც ჩემთან ერთად წამოვა. ვფიქრობ, უარს არ იტყვის". - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, კელოგმა შეისწავლოს ომთან დაკავშირებული საკითხები და სამხედროებს ესაუბროს.
"მე ვიცი, რომ ის სირსკისთან წავა, იქნებ, ბრიგადების მეთაურებთანაც ჩემთან ერთად. ამის შემდეგ ჩვენ ცალ-ცალკე დაველაპარაკებით თავდაცვის მინისტრს, სავარაუდოდ, დაზვერვასაც". - დაამატა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კელოგმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროების შესახებ თეთრ სახლში ისაუბროს.
"ვფიქრობ, როდესაც ის აშშ-ში დაბრუნდება, ჩვენ გავიგებთ, თუ როდის გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან". - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის სამშაბათს, 18 თებერვალს გაიმართება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე საუდის არაბეთშია.





