F-16

WSJ: ზაფხულში, უკრაინამ საკუთარი F-16, შესაძლოა, "აშშ-ს ზედმეტი სიფრთხილის" გამო ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების F-16
უკრაინის საჰაერო ძალები

გამოცემა The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია 2024 წლის აგვისტოში უკრაინაში ჩამოვარდნილი F-16-ის შესახებ, რომელსაც უკრაინელი პილოტი ალექსანდრ მესი მართავდა.

სტატიის ავტორი, ჯილიან კეი მელჩირი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკატასტროფა შესაძლოა საზენიტო სარაკეტო კომპლექს Patriot-ის სისტემა Link 16-ის გამო მომხდარიყო, რომელიც უკრაინისთვის გადაცემულ "პატრიოტებზე" გათიშული იყო.

ტაქტიკური ქსელი Link 16 გამოიყენება საჰაერო ბრძოლის მონაწილე ყველა ობიექტის რეალურ დროში აღსაქმელად, იქნება ეს თვითმფრინავები, სახმელეთო ქვედანაყოფები თუ საჰაერო თავდაცვის სისტემები. სისტემა მოკავშირეებისთვის საჰაერო ოპერაციების ჩატარებას უფრო უსაფრთხოს ქმნის და მფრინავებისთვის რისკს ამცირებს.

უკრაინაში პირველი Patriot კომპლექსები 2023 წლის აპრილში ჩავიდა. ავტორის თქმით, ამ კომპლექსებზე გამორთული იყო Link 16 სისტემა, ვინაიდან იმ დროს, უკრაინისთვის F-16-ის გადაცემა არ განიხილებოდა.

როგორც სტატიაში წერია, დასავლეთმა ავიაგამანადგურებლების გადაცემა მხოლოდ რამდენიმე თვეში გადაწყვიტა, ხოლო Link 16 სისტემის ჩართვა არავის მოსვლია თავში.

სტატიის ავტორი ვარაუდობს, ვინაიდან Link 16 იმდენად მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე ინსტრუმენტია, რომ აშშ-მ "ზედმეტი სიფრთხილის გამო, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის იყო დამახასიათებელი" უკრაინულ მხარეს სისტემაზე წვდომა არ მისცა.

მელჩირმა პასუხისთვის პენტაგონს მიმართა, რაზეც უწყებიდან მიიღო პასუხი, რომ პარტნიორებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის შესახებ კომენტარებს არ აკეთებენ.

გამოცემის წყაროების ცნობით, ახლა პენტაგონი ყველა ძალას ხმარობს, რომ აღნიშნული ნაკლი აღმოფხვრას.


2024 წლის 26 აგვისტოს უკრაინული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. მალევე დადასტურდა, რომ თვითმფრინავი შეცდომით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო. 

29 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

30 აგვისტოდან საჰაერო თავდაცვის ძალების მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავა გენერალ-ლეიტენანტმა ანატოლი კრივონოჟკომ.

კომენტარები