უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრისას ომის დასრულებაზე ერთობლივი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად NATO-ს წევრი ქვეყნების კოორდინაცია განიხილეს.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს და ფოტოს ავრცელებს.
"ომის დასრულებაზე ერთობლივი პოზიციის ჩამოყალიბებისთვისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რუსეთის ზეწოლისთვის NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან კოორდინირება განვიხილეთ. ამისთვის ერთ-ერთი საკვანძო პირობა უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს.
მადლობელი ვარ ჩვენი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერისთვის და ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოსა და რამშტაინის ფორმატში ჩატარებული შეხვედრებისთვის. მოველით, რომ ყველა მიღებული გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად შესრულდება". - წერს ზელენსკი.
14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. ცნობილი იყო, რომ ზელენსკი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უნდა შეხვედროდა. თუმცა Kyiv Independent საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გადაიდო, რათა აშშ-მკიევის მიერ შეთავაზებული პარტნიორობის დოკუმენტი განიხილოს.
14 თებერვალს ზელენსკიმ კონფერენციაზე ამერიკელ სენატორებთან, ლინდსი გრემთან, ჯინ შაჰინთან, ჯონ ქორნინთან და შელდონ ვაითჰაუსთან ერთად ისაუბრა პანელურ დისკუსიაზე, "სტრატეგიული ინვესტიცია: აშშ-უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობის მომავალი".