რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ტრამპს: პუტინის მშვიდობის სურვილი მოჩვენებითია, რადგან "მას თქვენი ეშინია"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
JULIA DEMAREE NIKHINSON / AP

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მზადყოფნის სურვილს მხოლოდ მოჩვენებითად გამოთქვამს, რადგან "მას ტრამპის ეშინია. ამის შესახებ Axios-ს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა და საუბრის დეტალებზე ინფორმაციის მქონე კიდევ სამმა წყარომ აცნობა.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი პოზიტიური იყო, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ტრამპის და პუტინის მანამდე გამართული საუბარი.

ტრამპმა აცნობა ზელენსკის, რომ პუტინს შეთანხმება სურს, და ჰკითხა, სურს თუ არა ზელენსკის კვლავ შეთანხმების მიღწევა. აშშ-ს პრეზიდენტის კითხვაზე, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის კვლავ არის შეთანხმების მომხრე, თუმცა მიიჩნევს, რომ პუტინი ტრამპმს უბრალოდ იმას ეუბნება, რისი გაგებაც მას სურს.

"პუტინმა მხოლოდ იმიტომ გამოთქვა შეთანხმების სურვილი, რომ თქვენი ეშინია, რადგან ძლიერი ხართ" – უთხრა ზელენსკიმ ტრამპს, წყაროთა ცნობით.

ასევე წყაროების ინფორმაციით, საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა რომ უკრაინას ნებისმიერი მომავალი შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება და აღნიშნა, რომ ევროპული სამშვიდობო ძალები რუსეთის ფრონტის გასწვრივ შესაძლოა ერთ-ერთი გამოსავალი იყოს.

წყაროების ცნობით, ტრამპმა ასევე თქვა, რომ ესმის ზელენსკის შეშფოთების მიზეზი პუტინთან საუბრის გამო, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას თავს ვერ აარიდებს, თუ სურს, რომ მისი დიპლომატიური მცდელობები წარმატებული იყოს:

"უნდა ვესაუბრო პუტინს, რათა უკრაინა გადავარჩინო" – უთხრა ტრამპმა ზელენსკის.

კომენტარები