რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Reuters: რუსეთი, სავარაუდოდ, იძულებული იქნება, უახლოეს თვეებში ნავთობის წარმოება შეამციროს

REUTERS/Alexander Manzyuk

Reuters-ის ანალიზის მიხედვით, რუსეთი უახლოეს თვეებში, სავარაუდოდ, იძულებული იქნება, ნავთობის წარმოება შეაფერხოს, ვინაიდან ამერიკული სანქციები მოსკოვს წვდომას უზღუდავს იმ ტანკერებზე, რომლებსაც რუსული ნავთობი აზიის მიმართულებით გადაჰქონდათ. რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებული მასშტაბების მიზეზი, შესაძლოა, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით თავდასხმებიც გახდეს. 

აშშ-მ გასულ თვეში სანქციები დაუწესა 180 რუსულ ტანკერს. ამასთან, უკრაინამ რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში პოზიციის გაუმჯობესების მიზნით, გაახშირა დრონებით თავდასხმები რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებზე იმ მოლოდინით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე წნეხს გააძლიერებს, რათა პუტინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს. 

ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ კონფლიქტის შეჩერება მისი პრიორიტეტია და იგი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ მისი მიზნები მიღწეულ არ იქნება. 

3 რუსული ნავთობმწარმოებელი Reuters-თან საუბრისას ამბობს, რომ, ცხადია, რუსეთს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ ნავთობის წარმოება შეამციროს. 

ამასთან, აღნიშნული ანონიმური მწარმოებლების თქმით, რუსეთში ნედლი ნავთობის სიჭარბე სულ უფრო და უფრო იზრდება, ვინაიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა და პარალელურად, მისი გადამამუშავებელი წარმოება შემცირებულია, რასთანაც გამკლავება მხოლოდ ნავთობის წარმოების შემცირებითაა შესაძლებელი. რუსეთს ნავთობის შესანახი სათავსოების ნაკლებობა აქვს, რასაც აუარესებს ის ფაქტი, რომ უკრაინა გასულ კვირებში რამდენიმე ასეთ სათავსოს დრონებით დაესხა თავს. 

Reuters-ის რესპონდენტების თქმით, წარმოების შემცირება მცირე ნაბიჯებით შეიძლება დაიწყოს, მაგალითად რუსეთის მიერ ყოველდღიურად 9 მილიონ ბარელზე ნაკლები ნავთობის წარმოებით. თუმცა, შემცირების მასშტაბები უფრო სწრაფად გაიზრდება, თუ ტანკერების დეფიციტი შენარჩუნდება, ხოლო ნავთობის გადამუშავების შეფერხება გაგრძელდება. 

გამოცემის ცნობით, სავაჭრო მონაცემებში ნედლი ნავთობის ექსპორტის შემცირების ნიშნები უკვე იკითხება.

გამოცემისთვის ზემოხსენებული მოვაჭრეების მიერ გადაცემული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, Reuters ამბობს, რომ რუსეთის დასავლეთ პორტებიდან, პრიმორსკის, უსტი-ლუგასა და ნოვოროსიისკის ნავსადგურებიდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 17%-ითაა შემცირებული. ამგვარი ტიპის მონაცემებს რუსეთი საჯაროდ აღარ აქვეყნებს. 

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ რუსეთი მეტნაკლებად მაინც უმკლავდება დასავლურ სანქციებს, მათ შორის, G7-ის მიერ ნავთობის თითო ბარელზე 60 დოლარის ფასის ჭერის დაწესებას. ამერიკული სანქციები მიზნად ისახავს არა რუსული ექსპორტის შეჩერებას, არამედ იმ ფასის შეზღუდვას, რომლითაც რუსეთს ნავთობის გაყიდვა შეუძლია და იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი წესებს დაემორჩილება. 

ევროპული კომპანიების უმეტესობამ რუსულ ნავთობზე, შემცირებული ფასის პირობებშიც კი, უარი თქვა, თუმცა ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვები გაზარდეს ჩინეთმა და ინდოეთმა. 

კომენტარები