რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პესკოვი ზელენსკის: რუსეთი არასდროს განიხილავს მისი ტერიტორიების გაცვლას

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მზად არის, მოლაპარაკების შედეგად რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ კურსკის ოლქში გაცვალოს. 

პესკოვის თქმით, რუსეთი არ განიხილავს ტერიტორიების გაცვლას. 

"გამორიცხულია. რუსეთი არასდროს განიხილავდა და მომავალშიც არ განიხილავს მისი ტერიტორიების გაცვლის საკითხს. [...] რა თქმა უნდა, უკრაინის დანაყოფებს განდევნიან [კურსკის] ტერიტორიიდან. მათ გაანადგურებენ და გაყრიან" – თქვა პესკოვმა. 

გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი მას და ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს, რუსეთის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ კურსკის ოლქს შესთავაზებს.

"ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით". – თქვა მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, თუ რომელ ტერიტორიას გაიღებს რუსეთის კურსკის სანაცვლოდ:

"არ ვიცი, შევხედოთ, მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, ამ საკითხში პრიორიტეტი არ გვაქვს".

იმავე ინტერვიუში ზელენსკიმ უსაფრთხოების საკითხებზეც ილაპარაკა და ეჭვის ქვეშ დააყენა, მხოლოდ ევროპის მიერ მოცემული გარანტიები:

"ისმის ხმები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროპა შეძლებს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უსაფრთხოება ამერიკელების გარეშე, მე ყოველთვის ვამბობ "არა"-ს. უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ს გარეშე, არ არის უსაფრთხოების გარანტიები.

მხოლოდ Patriot-ს შესწევს ძალა დაგვიცვას ნებისმიერი ტიპი რაკეტებისგან. არსებობს სხვა სისტემებიც, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფენ სრულ დაცვას. ამ პატარა მაგალითითაც ხედავთ, რომ ამერიკის გარეშე გარანტიები ვერ იქნება სრული". 

უკრაინა ნახევარ წელზე მეტია აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი კურსკის ოლქის ნაწილს. 

2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთი კონტროლქვეშ გადავიდა შემდეგი უკრაინული ტერიტორიები:

  • დონეცკის ოლქის 3/5;
  • ლუგანსკის ოლქი, თითქმის მთლიანად;
  • ხარკოვის ოლქის ნაწილი;
  • ნიკოლაევის ოლქის ნაწილი;
  • ხერსონის ოლქის 3/5;
  • ზაპოროჟიეს ოლქის 3/5;

გარდა ამისა, 2014 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულია ყირიმის ნახევარკუნძული.

კომენტარები