რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატის შეხვედრამდე ბრიუსელში ჩავიდა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ბრიუსელში, 12 თებერვალი, 2025
პიტ ჰეგსეთი / X

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ბრიუსელში მდებარე NATO-ს შტაბ-ბინაში ჩავიდა, სადაც 12 თებერვალს დასავლელი მოკავშირეები რამშტაინის ფორმატის ფარგლებში შესახვედრად ემზადებიან.

"ჩამოვედი NATO-ს შტაბ-ბინაში. ჩვენი ვალდებულება ნათელია: NATO უნდა იყოს უფრო ძლიერი, უფრო მომაკვდინებელი - და არა დიპლომატიური კლუბი. დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ". - დაწერა ჰეგსეთმა X-ზე.

ცნობისთვის, ამჯერად უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის თავმჯდომარე აშშ-ს ნაცვლად გაერთიანებული სამეფო იქნება.

მანამდე, გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვამდე, ევროპელ მოკავშირეებს უკრაინისთვის გადასაცემად მეტი ამერიკული იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდოს.

Reuters-ის წყაროების თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი, შეიარაღების შესაძლო შესყიდვის საკითხს ევროპელ მოკავშირეებთან ამ კვირის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განიხილავენ, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართება.

ამავდროულად, The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კელოგმა დროებით შეაჩერა უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა, რათა NATO-ს ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს.

გამოცემა წერს, რომ სპეციალურმა წარმომადგენელმა NATO-ს პრემიერმინისტრებსა და პრეზიდენტებთან შეხვედრები დააანონსა. მან პირობა დადო, რომ მოკავშირეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს, სანამ საბოლოოდ დაამტკიცებს ომის დასრულების გეგმას. 

მისი თქმით, მოლაპარაკებები შედგება იმაზე, თუ რა წვლილის შეტანას შეძლებენ მთავრობები სამშვიდობო შეთანხმების პროცესში. სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მას სურს სამშვიდობო გეგმაზე ევროპელი დიპლომატების შეხედულებები მოისმინოს. 

ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა 9 თებერვალს NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მომდევნო კვირის მანძილზე განიხილავს, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, თუმცა დაამატა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.

უოლცის თქმით, ამ კვირაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ვიცეპრეზიდენტი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ევროპაში განიხილავენ დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი.

კომენტარები