აშშ-კანადა

ტრუდო: ტრამპის სურვილი, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს, რეალურია

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო

კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ბიზნეს ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილი, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს, რეალურია.

CBC-ის განცხადებით, ტრუდოს საუბარი დახურული შეხვედრიდან შემთხვევით, ეგრეთ წოდებული Loudspeaker-ის საშუალებით გავრცელდა. 

შეხვედრაზე ტრუდომ აღნიშნა, რომ ტრამპს კანადის ანექსია კრიტიკულ მინერალებზე წვდომისთვის სურს.

"ჩემთან საუბრისას ტრამპს ჰქონდა იდეა, რომ ყველაზე მარტივი გზა ჩვენი ქვეყნის შეერთება იქნება და რომ ეს რეალურია. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რესურსებს და ძალიან უნდათ ამ ყველაფრით სარგებლობა". - თქვა ტრუდომ მიკროფონის გათიშვამდე.

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ მედიისთვის კომენტარის გაკეთების მოთხოვნას არ უპასუხა.

ალბერტას შრომის ფედერაციის პრეზიდენტმა, გილ მაკგოვანმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა პრემიერმინისტრის სიტყვები. 

"დიახ, მე დავადასტურებ, რაც ტრუდომ თქვა. მისი შეფასებით, ტრამპს რეალურად არ სურს ფენტანილთან და მიგრაციასთან ან თუნდაც სავაჭრო დეფიციტთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მას რეალურად კანადაზე დომინირება ან მისი სრულად ათვისება სურს". - დაწერა მაკგოვანმა.

წარსულში დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს. 

"ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვიხდით კანადის სუბსიდირებისთვის. რატომ? ამას მიზეზი არ აქვს. ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც მათ აქვთ. ჩვენ უსაზღვრო ენერგია გვაქვს, ჩვენსავე მანქანებს უნდა ვაწარმოებდეთ, და იმაზე მეტი ხის მასალა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გამოვიყენებთ. ამ მასობრივი სუბსიდიის გარეშე, კანადა წყვეტს სიცოცხლისუნარიან ქვეყნად არსებობას. ეს უხეში, მაგრამ სიმართლეა! მაშასადამე, კანადა ჩვენი სანუკვარი 51-ე შტატი უნდა გახდეს. ბევრად დაბალი გადასახადები, ბევრად უკეთესი სამხედრო თავდაცვა კანადელი ხალხისთვის - და არანაირი ტარიფები!". - განაცხადა ტრამპმა.

1-ელი თებერვლიდან აშშ-მ კანადას 25%-იანი ტარიფი დაუწესა, თუმცა 4 თებერვალს ტრამპმა კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ 30 დღით აჩერებდა კანადისთვის ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას. 

ტრამპმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ტრუდომ მას საზღვრის უსაფრთხოების დაცვისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის გარანტიები მისცა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საწყისი შედეგით. ტარიფები, რომლებიც შაბათს იქნა გამოცხადებული, 30 დღით იქნება შეჩერებული, რათა გამოჩნდეს, შესაძლებელია თუ არა საბოლოო ეკონომიკური შეთანხმების ჩამოყალიბება კანადასთან". - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. 

კომენტარები