აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მომდევნო კვირის მანძილზე განიხილავს, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, თუმცა დაამატა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.
უოლცის თქმით, ამ კვირაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ვიცეპრეზიდენტი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ევროპაში განიხილავენ დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი.
"ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. მან [ტრამპმა] თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. იგი მზადაა, გადასახადები, ტარიფები, სანქციები დააწესოს. ჩვენ გვჭირდება, ყველა მხარე დავსვათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავამთავროთ ეს კონფლიქტი". - თქვა უოლცმა.
ამასთანავე, უოლცმა დაამატა, რომ ტრამპი მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისადმი აშშ-ს სამომავლო დახმარების განსახილველადაც არის მზად.
"ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ ეს ხარჯები, და ეს იქნება თანამშრომლობა უკრაინელებთან მათი ძვირფასი წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესახებ, ისევე როგორც ჩვენი რესურსების შესყიდვის შესახებ. ეს საუბრები ამ კვირას გაიმართება". - აღნიშნა მან.
ინტერვიუში უოლცმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომის დამთავრების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.
"ვფიქრობ, ძირითადი პრინციპი აქ არის ის, რომ ამიერიდან ამ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ. პრეზიდენტი ტრამპი ამ ომს დაამთავრებს და რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ეს ცალსახად ევროპელების იქნება". - თქვა უოლცმა.