ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი აუქმებს სამუშაო ჯგუფს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ

Reuters 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი სამუშაო ჯგუფის გაუქმებას გეგმავს, რომელიც რუსეთის წინაააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევაზე იყო პასუხისმგებელი. 

აშშ-ს იუსტიციის მინისტრის, პემ ბონდის მემორანდუმში აღნიშნულია, რომ სამუშაო ჯგუფი, სახელად KleptoCapture გაუქმდება იმ გეგმის ფარგლებში, რომ დეპარტამენტმა რესურსები ნარკოკარტელებთან და საერთაშორისო ბანდებთან ბრძოლისკენ მიმართოს. 

"ეს რეფორმა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას მიდგომასა და აზროვნებაში" - წერს ბონდი ბრძანებაში და ამატებს, რომ სანქციათა აღსრულებისა და რუსი ოლიგარქსებისთვის აქტივების ჩამორთმევისთვის საჭირო რესურსები კარტელებთან ბრძოლის საქმიანობისთვის გადანაწილდება. 

KleptoCapture ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში შეიქმნა მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ჯგუფის საქმიანობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული მდიდარი პირების ფინანსების შეზღუდვა და იმ პირების დასჯა წარმოადგენდა, რომლებიც სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის წესებს არღვევდნენ ან თავიდან არიდებას ცდილობდნენ. 

სამუშაო ჯგუფი ნაწილი იყო იმ ფართო ძალისხმევისა, რომ რუსეთი გლობალური ბაზრებიდან იზოლირებულიყო და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართო სპექტრის სანქციები აღსრულებულიყო. 

როგორც გამოცემა Reuters წერს, საქმეები, რომლებსაც აღნიშნული სამუშაო ჯგუფები იძიებენ, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუმცა ჯგუფის საქმიანობა იუსტიციის დეპარტამენტის სათაო ოფისებში აღარ იქნება ცენტრალიზებული. 

"ვიხილავთ ჩვენ აშშ-ში სანქცირებული რუსი ოლიგარქების ქონების შემოდინების უეცარ ზრდას? არ მგონია. რასაც თქვენ დაინახავთ, იქნება მკვეთრი ვარდნა [რუსი ოლიგარქებისა და სუბიექტების] წინააღმდეგ სამართალწარმოების სიჩქარეში". - თქვა ენდრიუ ადამსმა, სამუშაო ჯგუფის მთავარმა ლიდერმა. 

პროკურორები, რომლებიც სამუშაო ჯგუფში დაასაქმეს, პირვანდელ თანამდებობებზე დაბრუნდებიან. პემ ბონდის ბრძანების მიხედვით, ცვლილებები ძალაში, სულ მცირე, 90 დღის განმავლობაში იქნება, რის შემდეგაც ისინი განახლდება ან გახდება მუდმივი. 

ნარკოკარტელებზე აქცენტი უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნარკოკარტელების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, ამგვარი კარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას, არალეგალური მიგრაციისა და ფენტანილის ტრეფიკინგის შეზღუდვის ძალისხმევებს. 

კომენტარები