უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, იგი აპირებს, რომ სანქციები შემოიღოს ქვეყანაში იმ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, რაც მნიშვნელოვანი ესკალაციაა მის გრძელვადიან კამპანიაში, რომ არჩევნებამდე ქვეყანაში კრიტიკული ხმები ჩაახშოს.
ორბანმა შეაქო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვის გეგმა. Bloomberg-ის ცნობით, USAID-მა 2022 წელს უნგრეთში პროგრამა წამოიწყო, რომელიც ცენტრალურ ევროპაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად მხარდაჭერას გულისხმობდა. პროგრამა უნგრეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაც მოიცავდა.
"ჩვენ გვჭირდება, რომ ისინი გავყაროთ და წერტილი დავუსვათ ამას". - თქვა ორბანმა იმ ჯგუფებზე საუბრისას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ: "როდის, თუ არა ახლა, როდესაც ამის გაკეთება ამერიკელებმაც დაიწყეს". - დაამატა მან.
ძალაუფლების გამყარებისკენ გადადგმულ ორბანის ნაბიჯებს დიდი კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირში, რომელმაც უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევროს გადარიცხვა შეაჩერა. ორბანის ქმედებებს უარყოფითად შეხვდა ბაიდენის ადმინისტრაციაც, რომელმაც რუსეთთან და ჩინეთთან ახლო კავშირების გამო უნგრეთთან ორმხრივი საგადასახადო შეთანხმება გააუქმა და უნგრელებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
ორბანის თქმით, ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების ფონზე, იგი იერიშზე გადადის. მან თქვა, რომ უნგრეთის მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს, რომლითაც უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებენ. მსგავსი ორგანიზაციები, ორბანის თქმით, "პოლიტიკური გავლენის მოსახდენ" ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.
ცნობისთვის, გამოკითხვების მიხედვით, ორბანის მმართველი პარტია Fidesz-ს შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს არჩევნებამდე, რომელიც დაახლოებით ერთ წელში გაიმართება.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან დასაქმებული მხოლოდ 294 დატოვოს, დანარჩენი კი სამსახურიდან გაათავისუფლოს.
დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.
-
"USAID-ს შეშლილი რადიკალები მართავდნენ" – რას ებრძვის ტრამპის ადმინისტრაცია?
-
რა პროგრამებს მოიცავს USAID-ის დახმარება, რომლის "კიდევ დიდი ხნით გაჩერება" სურს კობახიძეს
თებერვლის დასაწყისში ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხოლო რუბიომ გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის პირობა, რომ USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.
5 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ USAID-ის პირდაპირი წესით დასაქმებული ყოველი პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, ხოლო უცხოეთში მომუშავე თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებენ.
ამასთანავე, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ USAID-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება "მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო" და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.
სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომელთა აუცილებლობის ახსნა და დაცვაც შესაძლებელი იქნება. რუბიოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო დახმარებას "საფრთხე ექმნება".