ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლთან დაკავშირებით წლიური გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2023 წლის მონაცემებს მოიცავს, საქართველო კვლავ წარმოადგენს მიმზიდველ სატრანზიტო პუნქტს მნიშვნელოვანი რაოდენობის ოპიატებისთვის, რომლებიც ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან შავი ზღვის მეშვეობით ევროპაში იგზავნება.
როგორც აღნიშნულია განცხედებაში, უკრაინაში 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ ტრანსნაციონალური ნარკოკარტელები ვროპიდან თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპიოიდები და სინთეზური ნარკოტიკების გადასაზიდად იყენებენ ახალ ნარკოტრანსპორტირების მარშრუტებს საქართველოს გავლით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარებოდა:
"ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ნარკოტიკებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას სხვადასხვა მცდელობებით. 2023 წელს ამ დახმარებაში შედიოდა ნარკოტიკების საზღვარზე კონტრაბანდის გამოვლენისა და პრევენციის, მგზავრების იდენტიფიკაციისა და სკრინინგის, ასევე ფულის გათეთრების გამოვლენის ტრენინგები. სხვა დახმარებაში შედიოდა ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მიზნით" - წერია ანგარიშში.
საქართველო ასევე შეუერთდა გლობალურ კოალიციას, რომელიც 2023 წლის ივლისში აშშ-ის ინიციატივით შეიქმნა, რათა დაემუშავებინათ სინთეზური ნარკოტიკების საფრთხეები. 2023 წლის აპრილში აშშ-ს დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც 400 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. 2023 წლის მაისში კი, აშშ-ს დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ფოთის პორტში ირანული კომერციული კონტეინერის აღმოჩენა შეძლო, რის შედეგადაც 80 კილოგრამი ჰეროინის ამოღება გახდა შესაძლებელი.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებში შედიოდა ახალი ნარკოპოლიტიკის სტრატეგიის (2023-2030) მიღება, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ნარკოტიკების პრევენცია, მკურნალობა/რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მიწოდების შეზღუდვა. ასევე მიღებულ იქნა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა ისეთ ახალ ინიციატივებს, როგორიცაა ადრეული გაფრთხილების სისტემა ნარკოტიკების ახალი ტენდენციების მონიტორინგისთვის და ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემუშავება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ასევე ნარკოტიკებისა და ნარკომანიის საკითხთა ევროპულ მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA) შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომლის მიზანია მონაცემთა შეგროვების სისტემების მეთოდოლოგიის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ეროვნული ნარკომონიტორინგის ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე გამოცდილების გაცვლა.
"ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა კვლავ ძირითადად პენიტენციური მექანიზმებით და ნარკოტიკების ნაკადის შეზღუდვით არის განსაზღვრული. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებით სისტემაში, სადაც ეს პროგრამა კვლავ არასათანადოდ არის განვითარებული" - ნათქვამია ანგარიშში.