აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი და პანამას პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.
"ისინი შეთანხმდნენ ძლიერ ურთიერთობაზე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და პანამის საერთო ინტერესებზე, მათ შორის, პანამის არხის დაცვაზე" – ამბობს პენტაგონის პრესსპიკერი.
გარდა ამისა, მულინომ რანდენიმე დღის წინ თქვა, რომ აღარ განახლდება ზოგადი შეთანხმება პანამასა და ჩინეთს შორის, რომ ქვეყანამ წვლილი შეიტანოს ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტში, რის ფარგლებშიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩინეთმა პანამაში ინვესტიციები გაზარდა. მულინომ ჩინეთთან დადებული შეთანხმების ნაადრევად შეწყვეტის შესაძლებლობაც განიხილა.
ყველაფერი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით დაიწყო, რომ აშშ "უკაინ დაიბრუნებს" პანამის არხს, რადგან, მისი თქმით, პანამამ აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა.
პანამის არხთან დაკავშირებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც ისაუბრა. რუბიოს თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, ჩინეთი შეეცდება არხის ჩაკეტვას აშშ-სთვის.
პანამის არხს თავად პანამა აკონტროლებს, თუმცა არხის ორივე მხარეს არსებული ორი პორტი ჰონგ-კონგური კომპანია Hutchison Ports PPC-ის კონტროლქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ Hutchison და მისი მშობელი კომპანია CK Hutchison Holdings ჩინეთის მთავრობის მფლობელობაში არ არიან, ისინი ექვემდებარებიან ეროვნული უსაფრთხოების კანონს, რომელიც ჩინეთმა ჰონგ-კონგში 2020 წელს შემოიღო.
აშშ-მ პანამის არხი 1904-1914 წლებში ააშენა მას შემდეგ, რაც 1903 წელს პანამას კოლუმბიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა. პანამასთან დადებული შეთანხმებით, არხის ზონა შეიქმნა, რომელიც აშშ-ს კონტროლქვეშ უნდა ყოფილიყო, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ პანამის რესპუბლიკისთვის არხის გადაცემის გადაწყვეტილება აშშ-ს 39-ე პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მიიღო.
1977 წელს ხელმოწერილი ტორიხოს-კარტერის ხელშეკრულებით, არხის პანამის კონტროლქვეშ გადასვლის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო და 1999 წლის 31 დეკემბერს სრულად გადაცემით დასრულდა.
შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, კარტერის პოზიცია იყო, რომ არხის გადაცემა პანამის სუვერენიტეტის პატივისცემისა და ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო. ცნობისთვის, ტორიხოს-კარტერის შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს აქვს უფლება, არხის მართვაში ჩაერიოს, თუკი მისი ნეიტრალიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.