რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Reuters: ბოლო დროს უკრაინაში რუსეთის ჩრდილოკორეული რაკეტების სიზუსტეში გაუმჯობესება შეინიშნება

ცენტრალურ ხარკოვში ჩამოვარდნილი ბომბის ნაწილი, 2 იანვარი, 2024
Reuters

გამოცემა Reuters-ს ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ რუსული ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე ბოლო წლის მანძილზე გაშვებული საბრძოლო მასალები.

წყაროების თქმით, მაშინ, როცა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დაახლოება აშშ-ში განგაშს იწვევს, სიზუსტის გაუმჯობესება, ჩაფიქრებული სამიზნიდან 50-100 მეტრის რადიუსში იერიშების მიტანით, აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა წარმატებით იყენებს ბრძოლის ველს, რათა საკუთარი სარაკეტო ტექნოლოგიები გამოცადოს.

ანონიმური სამხედრო წყაროს ცნობით, სიზუსტის მხრივ გაუმჯობესება შეინიშნებოდა ყველა, 20-ზე მეტ, ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტაში, რომელიც ბოლო კვირების მანძილზე უკრაინაში ჩამოვარდა. ხოლო მეორე წყარომ, რომელიც საკითხზე ინფორმირებული მაღალჩინოსანია მთავრობიდან, დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც Reuters-მა მოიპოვა.

სამხრეთ კორეის Asan Institute for Policy Studies-ის იარაღის ექსპერტის, იანგ უკის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო შესაძლებლობების ასეთ გაუმჯობესებას შემაშფოთებელი შედეგები ექნება, ჩრდილოეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-სთვის საფრთხის შექმნის კუთხით.

სამხედრო ექსპერტმა იანგმა ასევე განაცხადა, რომ მისი უსაფრთხოების სფეროს წყაროები უკრაინაში დამოუკიდებლად ავრცელებდნენ ცნობებს ბოლო პერიოდის ჩრდილოკორეული რაკეტების გაუმჯობესებული სიზუსტის შესახებ.

"რადგან ისინი რაკეტებს ამზადებენ და ინფორმაციას იღებენ მომხმარებლებისგან - რუსული არმიისგან - მათ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ უფრო საიმედო რაკეტების დამზადებაში". - თქვა მან.

ამას გარდა, წყაროები იანგს ეუბნებიან, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის მოდიფიკაციებს უკეთებს ჩრდილოეთ კორეა რაკეტებს. წყაროების თმით, ორი სავარაუდო ვარიანტია, რომ რაკეტებზე უკეთესი სანავიგაციო სისტემები ან მართვის მექანიზმია, რათა რაკეტას უკეთ მანევრირებაში დაეხმაროს.

იანგის თქმით, სხვა ფაქტორები, რამაც შესაძლოა, სიზუსტის გაუმჯობესება გამოიწვიოს, ეკიპაჟებისთვის სამიზნეებზე უკეთესი ინფორმაცია, რუსეთის მიერ მიწოდებული ახალი მართვადი სისტემის ნაწილები და ომში ჩრდილოკორეელი მეცნიერების მიერ მოპოვებულ გამოცდილებასა და მონაცემებზე დაყრდნობით მიღწეული გაუმჯობესებები შეიძლება იყოს.

კომენტარები