მოლდოვა

იგორ დოდონის ძმა გაათავისუფლეს, მას 60 დღით მოლდოვის დატოვება ეკრძალება

იგორ და ალექსანდრ დოდონები

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი პოლიტიკოსის, იგორ დოდონის ძმა, ალექსანდრ დოდონი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ცოტა ხნით ადრე, ალექსანდრ დოდონი ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს და კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის იზოლატორში მოათავსეს.

"ის გათავისუფლებულია, დროებითი აღმკვეთი ღონისძიების სახით მას 60 დღით ქვეყნის დატოვება ეკრძალება". – წერია ანტიკორუფციული პროკურატურის განცხადებაში.

ანტიკორუფციული პროკურატურის მონაცემებით, ალექსანდრ დოდონი 2022 წელს დაწყებულ დიდი ოდენობით გაფლანგვის სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. 

ალექსანდრ დოდონი მოლდოვაში რუსეთიდან ბრუნდებოდა.

ძმის დაკავებას გამოეხმაურა იგორ დოდონი:

"მან წინასწარ შეატყობინა პროკურატურას, რომ ქვეყანაში ბრუნდება. მზად იყო მისულიყო პროკურატურაში. მაგრამ ვიღაც ზემდგომმა გადაწყვიტა კანონის ნაცვლად ტერორისთვის მიემართა. ათობით და ასობით ადამიანი, რომელიც გარეული სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში თავისუფლად გადის ქვეყნიდან და უკან ბრუნდება, აქ სხვა გათვლაა, ჩემზე პოლიტიკური წნეხის მოხდენა. ვუმეორებ ხელისუფლებას: თუ გსურთ პოლიტიკური საქმის გარჩევის მოწყობა, შემებრძოლეთ მე და არა ჩემს დედას, ცოლს და ძმას".

იგორ დოდონის განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტია PAS-ის პრესმდივანი ადრიან ვლასი:

"იგორ დოდონის განცხადება სისულელეა. მართლმსაჯულებამ უნდა შეასრულოს თავისი საქმე". 

 

კომენტარები