5 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების მიღებას განაგრძობს, თუმცა, მისი თქმით, ამჟამად რაიმე სახის სამომავლო პაკეტებზე საუბრები არ მიმდინარეობს.
"დღეს აშშ-ს მხარდაჭერაში შემცირება არ არის. არ შეჩერებულა, გრძელდება". - უთხრა ზელენსკიმ რეპორტიორებს ბრიტანეთის საგარეო მინისტრთან, დევიდ ლემისთან, შეხვედრის შემდეგ.
ამასთანავე, ზელენსკის თქმით, ჯერჯერობით "ზედმეტად ადრეა" ახალი სამხედრო დახმარების გაწევაზე საუბრების გამართვა.
ამერიკის დახმარების გარეშე უკრაინის ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით კითხვაზე მან უპასუხა, რომ დახმარების შეწყვეტა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებს ძლიერ შეასუსტებს.
"ჩვენ უფრო სუსტები ვიქნებით, და შევძლებთ თუ არა [მიწის] შენარჩუნებას - დარწმუნებული არ ვარ". - დაამატა მან.