უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს. კერძოდ, ზელენსკის ვარაუდით, ამით რუსეთმა შესაძლოა, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების "დაშინება" სცადოს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლემისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენი დახარჯონ [მშპ-ს წილის სახით თავდაცვაში]. ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა. პუტინის ამბიციებით, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა ომი გაგრძელდეს. ის უფრო შორსაც წავა და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს". - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინს სხვა ქვეყნების პროვოცირებაც სურს. ზელენსკის ვარაუდით, შემდეგი სამიზნეები პოლონეთი ან ბალტიის ქვეყნები შეიძლება იყვნენ.
"ეს უბრალოდ მეტი რიტორიკა არ არის. თქვენ დაინახავთ, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, [პუტინი] ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარებს განალაგებს. და ბევრი ევროპელი და ალბათ აშშ-ც იტყვის, რომ ეს დაშინების [მცდელობაა]. ეს არის პოლონეთის, ლიტვის და სხვა ბალტიისპირელი პარტნიორების დაშინების მცდელობა". - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ მან არ იცის, შეიჭრება თუ არა რუსეთი აღნიშნულ ქვეყნებში, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსს ომში ნებისმიერ შემთხვევაში ჩაითრევს.
"თუმცა, ჩემი აზრით, ისინი [ბელარუსი] ომში უკვე ყოფილან, მაგრამ არა მათი ხალხი ან არმია. ჯერჯერობით. მაგრამ პუტინს ეს ძალიან სურს. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შევაჩეროთ". - თქვა პრეზიდენტმა.