აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი უკრაინას 1 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
განკარგულების მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო გამოყოფს 1 მილიონი დოლარის ეკვივალენტ თანხას მანათში, რომლითაც აზერბაიჯანი ქვეყნის შიგნით წარმოებულ ენერგოაღჭურვილობას შეიძენს და უკრაინაში გაგზავნის.
ინიციატივის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მოხდება.
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანს აქამდეც არაერთხელ გაუგზავნია უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება ქვეყანაში ომის გამო შექმნილი ვითარების გამო.





