ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით USAID-ის დასაქმებულები შვებულებაში გაუშვა

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, უცხოეთში USAID-ის ყოველი პირდაპირი წესით დასაქმებული პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა. ამასთან, სააგენტოს ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, დიდი ალბათობით, აშშ-ში დაბრუნდებიან

"პარასკევს, 2025 წლის 7 თებერვალს, გლობალურად, USAID-ის პირდაპირი წესით დაქირავებული პერსონალი გავლენ ადმინისტრაციულ შვებულებაში". - წერია სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აღარ ფუნქციონირებს. 

იმ თანამშრომლებს, "რომლებსაც მისიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ, მთავარი ხელმძღვანელები არიან და სპეციალურ პროგრამებზე მუშაობენ", აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ. 

როგორც Reuters წერს, USAID-ის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 10,000-ს აჭარბებს, რომლის ორი მესამედიც უცხოეთში მომუშავე პერსონალია. სააგენტო მუშაობს 60-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონულ მისიებში. 

როგორც განცხადებაში ასევე წერია, ვაშინგტონი სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით ამზადებს გეგმას, რომლის მიხედვითაც USAID-ის მიერ უცხოეთში დასაქმებული ამერიკელები 30 დღის განმავლობაში აშშ-ში დაბრუნდებიან და მათი მგზავრობის ხარჯებიც ანაზღაურდება. 

"მადლობა გაწეული სამსახურისთვის". - წერია განცხადების ბოლოს. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, USAID (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო), ვაშინგტონის ჰუმანიტარული სააგენტო, რომელიც მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებას ანაწილებს მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება, შესაბამისად, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, არსებობას შეწყვეტს. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ის USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. რუბიომ სააგენტოს "სრულიად ურეაქციო" უწოდა და მომსახურე პერსონალზე თქვა, რომ მათ სააგენტოს პროგრამების შესახებ "მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ სურთ". 

რუბიომ კონგრესს წერილი გაუგზავნა სააგენტოს მოსალოდნელი რეორგანიზაციის გარეშე, რომელშიც ეწერა, რომ USAID-ის რაღაც ნაწილები, სავარაუდოდ, სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდებოდა, დანარჩენი კი გაუქმდებოდა. 

ამასთან, 4 თებერვალს, Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ თქვა, რომ მათი მიზანი "საგარეო დახმარების გაუქმება არ არის". 

"არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, ამას აზრი აქვს და მოგვიწევს გადავწყვიტოთ, ამის გაკეთება სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით ჯობია, თუ უკეთესია - რეფორმირებული USAID-ით". - თქვა რუბიომ. 

თუმცაღა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ USAID კონგრესმა დააფუძნა, როგორც დამოუკიდებელი დაწესებულება აღმასრულებელ შტოში, პრეზიდენტს კონგრესის ავტორიზაციის გარეშე მისი გაუქმების უფლებამოსილება არ აქვს. 

კომენტარები