ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლომდე უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხი ამერიკულ მხარესთან ამჟამად არ განიხილება, თუმცა თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ თემას წამოაყენებს, უკრაინა მზად არის დისკუსიისთვის.
ელჩმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ როდესაც 2023-2024 წლებში არჩევენების ჩატარება თეორიულად განიხილებოდა, უკრაინის პოზიციით, "ამისთვის აუცილებელი იყო საბრძოლო მოქმედებების დასრულება". მარკაროვას თქმით, ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვერ შეძლებდა სრულად უზრუნველეყო წვდომა ხმის მიცემაზე.
ელჩმა კომენტარი 1 თებერვალს მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ არჩევნები ჩაატაროს.
კელოგის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც რუსეთთან ომის პერიოდში სამხედრო მდგომარეობის საფუძველზე დროებით გაუქმდა, "უნდა ჩატარდეს".
"დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობა ომის დროს არჩევნებს ატარებს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათაც ასე იმოქმედონ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის სილამაზე, როცა შენ ერთ ადამიანზე მეტი [პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი] გყავს". - თქვა კელოგმა.