რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი სუჯაში სკოლის დაბომბვას უკრაინას აბრალებს

1 თებერვალს, კურსკის ოლქში, სუჯას სკოლა-ინტერნატის შენობა დაიბომბა, რომელსაც უმეტესად მოხუცები აფარებდნენ თავს. ბოლო მონაცემებით, დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დაბომბვის შესახებ ინფორმაცია პირველმა უკრაინამ გაავრცელა. Telegram არხში კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ოლექსიი დმიტრაშკივსკიმ დაწერა, რომ რუსული იერიშის შედეგად სკოლის შენობა დაინგრა, მაშველები ნანგრევებში ათობით ადამიანს ეძებენ.

მოგვიანებით ოფიციალური განცხადებითა და იერიშის შედეგების ამსახველი ვიდეოთი დაბომბვას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც გამოეხმაურა.

"რუსულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სკოლა-ინტერნატში ექსკლუზიურად მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ - ადგილობრივი მცხოვრებლები, მათ შორის, ქალები და ბავშვები. [...]

სუჯის სკოლა-ინტერნატზე თავდასხმა რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი ომის დანაშაულია, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთის არმია ყოველდღიურად ატერორებს უკრაინულ ქალაქებს დრონებითა და სარაკეტო თავდასხმებით, ანადგურებს საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. ახლა მან საკუთარი მოქალაქეების გამიზნული მკვლელობა დაიწყო". – წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. 

2 თებერვალს რუსულმა უწყებებმა სკოლა-ინტერნატის დაბომბვა უკრაინას დააბრალეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, იერიშის ბრძანება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა, პოლკოვნიკმა როსტისლავ კარპუშამ გასცა.

დაბომბვის საკითხზე გაეროს მიმართა რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ:

"მოვითხოვ გაერომ დაგმოს კიევის რეჟიმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული".

2 თებერვალს, უკრაინულ მედია RBC-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სუჯას სკოლა-ინტერნატზე უპილოტო საფრენი აპარატებით აგრძელებს იერიშს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, განმეორებითი იერიშით რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს და დაფაროს საკუთარი დანაშაულის კვალი.

კომენტარები