უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯაში მდებარე სკოლის შენობას საჰაერო ბომბით დაარტყა, რომელსაც უმეტესად მოხუცები აფარებდნენ თავს.
კურსკის რეგიონში შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი ოლექსიი დმიტრაშკივსკი Telegram-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ნანგრევების ქვეშ ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქეა მოყოლილი.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ სუჯაში სკოლა-ინტერნატს დაარტყა. ნანგრევების ქვეშ 95 ადამიანია მოყოლილი - უმეტესად მოხუცები და საწოლს მიჯაჭვული პირები. ნანგრევებიდან კივილის ხმა ისმის" - განაცხადა დმიტრაშკივსკიმ.
პრესსპიკერის ცნობით, ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ოფიციალურ განცხადებასა და რუსების საჰაერო თავდასხმის შედეგების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს უკრაინის გენერალური შტაბიც.
"რუსულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სკოლა-ინტერნატში ექსკლუზიურად მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ - ადგილობრივი მცხოვრებლები, მათ შორის, ქალები და ბავშვები. [...]
სუჯის სკოლა-ინტერნატზე თავდასხმა რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი ომის დანაშაულია, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთის არმია ყოველდღიურად ატერორებს უკრაინულ ქალაქებს დრონებითა და სარაკეტო თავდასხმებით, ანადგურებს საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. ახლა მან საკუთარი მოქალაქეების გამიზნული მკვლელობა დაიწყო". - წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიების ნაწილს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს, მათ შორის, ქალაქ სუჯასაც.





