ტრამპის ადმინისტრაცია

საგარეო დახმარების შეჩერებაზე ტრამპის ბრძანების შემდეგ, USAID-ის ვებგვერდი გათიშულია

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი თითქმის ორი დღეა, რა გაითიშა და ხელმიუწვდომელია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვაზე აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა.

სხვადასხვა მოწყობილობითა და სხვადასხვა ქვეყნებში ვებგვერდი შესვლის მცდელობის დროს ქსელზე წვდომა ვერ ხერხდება ან ცარიელი გვერდი ჩანს.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, საკითხში გარკვეულმა ორმა წყარომ 31 იანვარს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სააგენტოს დამოუკიდებლად არსებობის შეწყვეტასა და მის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას აპირებს.

მანამდე, 20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა.

თუმცა, Washington Post-ის მიერ ნანახი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დახმარების ორგანიზაციებს გაუგზავნა, რუბიომ გამონაკლისი დააწესა იმ შემთხვევებზე, როცა საქმე "სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, საკვების, თავშესაფრების ან არსებობისთვის საჭირო დახმარებას, ასევე მსგავსი დახმარების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას" ეხება.

ამასთანავე, გამონაკლისი არ ეხება "აბორტს, ოჯახური დაგეგმვის კონფერენციებს... ტრანსგენდერულ ქირურგიულ ჩარევებს ან სხვა სიცოცხლისთვის არასაშიში შემთხვევებისთვის საჭირო დახმარებას".

ტრამპმა აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების შეწყვეტა იმით ახსნა, რომ "აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს".

ბრძანების მიხედვით, ტრამპის პოლიტიკა იქნება, რომ არანაირი სახის საგარეო დახმარების გაცემა არ უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომელიც სრულად არ არის თანხვედრაში აშშ-ს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება 90 დღის განმავლობაში აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებას გულისხმობს და ყველა პასუხისმგებელ დეპარტამენტსა და სააგენტოს უფროსს ავალებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უცხოური ქვეყნებისთვის, პროგრამების შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და კონტრაქტორებისთვის დახმარების გაწევა.

ამავდროულად, შეჩერებასთან ერთად დაიწყება აშშ-ს საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვა და შესაბამისი დეპარტამენტები და სააგენტოების უფროსები, სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, განსაზღვრავენ, გააგრძელონ, შეცვალონ თუ შეაჩერონ ხსენებული პროგრამები.

პროგრამების გადახედვისა და 90-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში მანამდეც, სახელმწიფო მდივანი, აშშ-ს პრეზიდენტთან არსებულ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადაწყვეტს, შეცვალოს თუ იგივე ფორმით გააგრძელოს ეს პროგრამები.

ტრამპის ბრძანების მიხედვით, ნებისმიერ ახალ საგარეო დახმარების პროგრამაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ან მის მიერ დანიშნული პირის თანხმობა იქნება საჭირო.

კომენტარები