უკრაინამ რუსეთში როსტოვის, ვოლგოგრადის, კურსკის, იაროსლავსკაიას, ვორონეჟისა და ბელგოროდის ოლქებსა და კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასობრივი იერიში მიიტანა.
უკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადის ოლქის სამრეწველო ზონაზე მიიტანეს იერიში, სადაც, მათ შორის, კომპანია ლუკოილის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, თბოელექტროსადგური და ნავთობბაზა მდებარეობს. იერიშის შედეგად ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თანახმად, ქარხანაში ხანძარი ჩამოვარდნილი დრონის ნაწილებმა გამოიწვია. ქარხნის ერთ-ერთი მუშა საავადმყოფოში არის გადაყვანილი.
უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის (ЦПД) ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს ინფორმაციით, ეს ქარხანა წელიწადში დაახლოებით 14 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და რუსეთში სიდიდით მეექვსე ადგილს იკავებს.
კოვალენკო ასევე წერს, რომ ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უკრაინამ მიიტანა იერიში, ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთსა და საავიაცო საწვავს აწარმოებს.
მანამდე, უკრაინას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ЛУКОЙЛ Волгограднефтепереработка-ზე იერიში მიუტანია ან იერიშის მიტანა უცდია, სულ მცირე, სამჯერ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 31 იანვრის ღამით 49 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, აქედან 25 როსტოვის ოლქში, 8 ვოლგოგრადის ოლქში, 6 კურსკის ოლქში, 4 იაროსლავსკაიას ოლქში, 2-2 კი კრასნოდარის მხარესა და ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში.
თუმცა, იარლოსლავსკაიას გუბერნატორი, მიხაილ ევრაევი უფრო მსხვილ თავდასხმაზე საუბრობს. ევრაევის თანახმად, ოლქში 5 დრონი ჩამოაგდეს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლუსარის თქმით, დრონების იერიშის შედეგად ელექტროგადამცემი ბოძი დაზიანდა, დაზიანდა ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.
ვორონეჟის ოლქში ერთ-ერთი დრონი მოძრავ ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, ვოროენჟში დრონმა ერთ-ერთი საწარმო შენობის ფანჯარა დააზიანა, ჩამოვარდნილი დრონის ნაწილებმა კი საცხოვრებელი სახლი და ფერმა დააზიანა.





